"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი აკაკი მინაშვილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხს ეხმაურება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, აკაკი მინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ხელისუფლების წარმომადგენლების პერსონალური ინტერესები ედოს.
"დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ამ უნიათო მთავრობის ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება, რომელიც ქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გამოთქვა და მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვას ეხება. მთელი 2 წლის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობამ ქვეყნის განვითარებაზე, მოქალაქეების კეთილდღეობაზე იზრუნოს, მთავარ ფოკუსს დამატებითი შეფერხებებისა და პრობლემების შექმნაზე აკეთებენ.
იცით, რომ ავტომანქანები მხოლოდ კომფორტის საშუალება არაა და მას საქართველოში შემოსავლის დატვირთვაც აქვს. ეს რეგულაცია კი, კიდევ უფრო დუხჭირს გახდის ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას.
არ გამოვრიცხავ, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ხელისუფლების წარმომადგენლების პერსონალური ინტერესები ედოს. ეს არის მოსახლეობისთვის დამატებით შექმნილი პრობლემები იმის ფონზე, რომ ქვეყანაში გაჩერებულია უამრავი პროექტი, არაა სამუშაო ადგილები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, ლარი დღითიდღე უფასურდება. მთავრობამ კი ამ 2 წლის განმავლობაში, არათუ იზრუნა საკუთარ მოქალაქეებზე, არამედ პირიქით - ისინი დაკავებულები არიან საკუთარ კეთილდღეობასა და ნათესავებზე ზრუნვით. პრობლემებს უქმნიან მოსახლეობას იმისთვის, რომ თვითონ ცხოვრობდნენ კარგად და ყველა დანარჩენს საქართველოში უჭირდეს. ასეთ ადამიანებს ხელსუფლებაში ყოფნის შანსი არ აქვთ. მათ ძალიან მალე მოუწევთ იმ პოზიციების დატოვება, რომელსაც საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებენ", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.