რუსეთის იუსტიციის მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას რუსული მხარისთვის არანაირ კომპენსაციასთან დაკავშირებით არ მიუმართავს.
რუსეთის იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ 6 ივლისის მონაცემებით, რუსული მხარისთვის საქართველოს ხელისუფლებას არ მიუმართავს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, რუსეთის ხელისუფლების პოზიცია მას შემდეგ იქნება ფორმულირებული, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ოფიციალურად წარუდგენს მათ, ქართული მხარის მოთხოვნას.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2006 წელს რუსეთის ფედერაციიდან კოლექტიურად გამოძევებული ქართველების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა.
2014 წლის 3 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო. სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წელს, საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გამოძევებით, რუსეთმა ევროპული კონვენციის მთელი რიგი დებულებები დაარღვია. სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა, თუმცა თანხის რაოდენობა არ დაუდგენიათ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, განცდილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, საქართველო რუსეთის ხელისუფლებისაგან 70 320 000 ევროს ითხოვს.