„მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა სასამართლოზე აზრის გამოხატვის დროს, სიფრთხილე გამოიჩინონ“

„მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა სასამართლოზე აზრის გამოხატვის დროს, სიფრთხილე გამოიჩინონ“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება, ყველამ დამოუკიდებელ, ძლიერ მრთლმსაჯულებაზე უნდა იზრუნოს.

მურუსიძემ მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ მის ინიციატივას შეხვედრასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა. როგორც მურუსიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე მხარეებმა სასამართლოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემაში ბევრი კარგი ნაბიჯი გადაიდგა და ამ ყველაფერს გაგრძელება სჭირდება.

„როგორც აღინიშნა, მთავარია სასამართლოს სტაბილურობა. ეს სტაბილურობა პირველ რიგში საკანონმდებლო სტაბილურობიდან გამომდინარეობს და მე პრემიერს განვუცხადე, რომ პარლამენტში ჩვენი პოზიცია გვექნება კანონპროექტებთან დაკავშირებით. ასევე, საუბარია სოციალურ სტაბილურობაზე, რომ მოსამართლეებს ჰქონდეთ კარგი სოციალური პირობები და ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით, ნაბიჯები იქნება გადადგმული. შეიძლება ვისაუბროთ პენსიებზე. ვისაუბრეთ კორუფციის საფრთხეებთან დაკავშირებით და ასევე, გავამახვილეთ ყურადღება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა, სასამართლოზე გამოხატვის დროს გამოიჩინონ სიფრთხილე, რომ საქმეებთან დაკავშირებით, თავისი პოზიციის გამოხატვისგან თავი შეიკავონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან კონკრეტულ საქმეებს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება ზოგადად სასამართლოს იმიჯი შეილახოს“, - განაცხადა მურუსიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ის აბსოლუტურად იზიარებს მურუსიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.

„პოლიტიკოსებმა, ყველამ, მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოზე. ჩვენი მთავარი მიზანია ერთიანი, ძიერი სასამართლოს ჩამოყალიბება და განმტკიცება. ჩვენთვის მთავარია, მოსახლეობას დაუბრუნდეს განცდა რომ სასამართლო დამოუკიდებელია. ნდობის აღდგენა ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამ ინსტიტუტის გაძლიერებას“, - აღნიშნა პრემიერმა.