პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს აღუთქვა, რომ მთავრობა სასამართლოში კორუფციასთან დაკავშირებულ რისკებთან მაქსიმალურად ფხიზლად იქნება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძესთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა შეხვედრის შემდეგ, ლევან მურუსიძეს მადლობა გადაუხადად და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა მურუსიძის ინიციატივით გაიმართა.
„ჩვენ საინტერესო საუბარი გვქონდა. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, მე ბატონი ლევანის მოსაზრებები მოვისმინე. მოვისმინე შეხედულებები, რომელიც არის განსხვავებული იმისგან, რაც იყო წარმოდგენილი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ და ასევე, ჩვენი მთავრობის მიერ იყო მოწოდებული და შემდეგ გადაგზავნილია პარლამენტში. ჩვენ ყურადღებით მოვისმენთ და შევისწავლით ბატონი ლევანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას. მიმაჩნია, რომ პარლამენტში კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია, სასამართლოს დამოუკიდებლობა შენარჩუნდეს, განმტკიცდეს და სასამართლო ყოველგვარი ჩარევისგან თავისუფალი უნდა იყოს.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი სწორედ სასამართლო დამოუკიდებლობაა და ჩვენ ამ გზაზე აბსოლუტურად შეუპოვარნი ვიქნებით. ჩვენ ამ საკითხში ვართ ერთ აზრზე, რომ ეს უნდა განმტკიცდეს და გაგრძელდეს“, - აღნიშნა პრემიერმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმაზე, რომ საჭიროა მთავრობის აქტიური მუშაობა და დახმარება, რათა სასამართლოში კორუფციის რისკების მინიმუმამდე დაყვანა მოხდეს, ვინაიდან, პრემიერის თქმით, კორუფცია ყველაზე დამანგრეველია სახელმწიფოსა და ინსტიტუტებისთვის.
„ასე რომ, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა. მე აღვუთქვი როგორც სამართლოს თავმჯდომარეს, ასევე ბატონ ლევანს, სრული მზაობა და დახმარება, რომ ამ ნაწილში მაქსიმალურად ვიქნებით ფრთხილად და ფხიზლად. მე მიმაჩნია, რომ საჭიროა დიალოგის არსებობაც“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და მის შიგნით სტაბილურობა აუცილებელია.
„ჩვენ ყოველგვარი რყევები თავიდან უნდა ავიცილოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროა კონსულტაციების, დიალოგის გზით გადავწყვიტოთ სახელმწიფოსთვის საჭირო ნებისმიერი საკითხი“, - აღნიშნა პრემიერმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ პარლამენტში ინიცირებულ საკითხებში ცვლილებები შევიდეს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია. მისივე თქმით, ახლა საჭიროა განხილვები პარლამენტში გაგრძელდეს.