მარჯვენასაჭიან ავტომანქანებთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გაიმართოს

მარჯვენასაჭიან ავტომანქანებთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გაიმართოს

თბილისის მერ დავით ნარმანიას აზრით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებთან დაკავშირებით კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის სახელმწიფო დონეზე მისაღები გადაწყვეტილება.

"არის ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც თავის ტერიტორიაზე კრძალავს ან არ უშვებს ასეთ მანქანებს, ვინაიდან ისინი გარკვეული თვალსაზრისით აფერხებენ მოძრაობას. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხებზე კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მან ასევე აქცენტი გააკეთა მოძრაობის განტვირთვის მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციაზე და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მერიის მიერ მიღებულია და ცალკეული ტიპის ღონიძიებები, რომელსაც ახორციელებს, სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხარდაჭერისკენ არის მიმართული.

ნარმანიას თქმით, ამ მიზანს მოემსახურება ასევე ახალი ავტობუსები, რომლებიც იქნება დედაქალაქში შემოყვანილი. თბილისის მერის თქმით, მიმდინარეობს კვლევა, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. ავტობუსების ზოლის გაკეთებას ქალაქის სხვადასხვა უბნებში.

"როცა შესაბამისი კვლევები დამთავრდება, ჩვენ გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია, თუმცა ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად უნდა იყოს მხარდაჭერილი, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.