ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროგრამა "აწარმოე საქართველოში" განვითარდა და მას რამდენიმე კომპონენტი დაემატა, რაც პროგრამას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის.
კვირიკაშვილის თქმით, სამთავრობო პროგრამისთვის, კინოს გადაღების წახალისების პროგრამის დამატება ძალიან მნიშვნელოვანია.
"ამ პროგრამაში 80-ზე მეტი კომპანიაა ჩართული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმებისთვის. მომავალი წლის განმავლობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნება მარტო ამ პროგრამის ფარგლებში. პროგრამა განვითარდა, რაც მოიცავს რეგიონებში სასტუმროების ქსელის განვითარებას. ამასთან, ახალი კომპონენტი შემოვიდა, საქართველოში კინოს გადაღების წახალისების პროგრამა, რაც ასევე მოიცავს გარკვეულ ფინანსურ კომპონენტებს ამ დარგის წახალისებისთვის, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში არსებული ამ სფეროს პოტენციალი გამოყენებული იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ერთწლიანი მუშაობის შედეგების შეჯამების ღონისძიება "ექსპო ჯორჯიაში" გაიმართა. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ მხარი დაუჭირა 90 ახალი სამრეწველო პროექტის დაწყებას.
2014 წლის ივნისიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა ახალი სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელება დაიწყეს. სამთავრობო პროგრამის მთავარ მიზანს, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერის, ახალი საწარმოების შექმნის ან არსებული საწარმოების გაფართოების გზით, საქართველოში მეწარმეობის განვითარება წარმოადგენს.
ამასთან, პროგრამა ქვეყნის მასშტაბით სამეწარმეო კულტურის დანერგვას ემსახურება და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენაა მიმართული. პროგრამა 3 კომპონენტს მოიცავს: ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურება.