საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იმედოვნებს, რომ ევროზონაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პესიმისტური ვარაუდები არ გამართლდება.
როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთიდან გადმორიცხვის თვალსაზრისით 100 მილიონი დოლარის დანაკლისი, არ იყო ძალიან მნიშვნელოვანი თანხა ქართული ეკონომიკისთვის, სამწუხაროდ, სოციალური დატვირთვა უფრო დიდია, ვინაიდან საქართველოს უამრავი მოქალაქის შემოსავალი, საბერძნეთიდან მიღებული გზავნილია.
„ეს საკითხი პირველ ეტაპზე გაცილებით მტკივნეულია, ვიდრე ფინანსური ნაკადების შემცირება. თუმცა ეროვნული ბანკი აკვირდება მოვლენებს. საბერძნეთიდან გზავნილები ჩვენს პროგნოზებში გათვალისწინებული იყო. იმედია, ევროზონაში მიმდინარე პროცესებზე პესიმისტური ვარაუდები არ გამართლდება, რომელსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს როგორც საქართველოზე, ასევე მთლიან რეგიონზე“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა ვერ შეძლო სავალუტო ფონდს 1.5 მილიარდი ევროს ვალის დაბრუნება, რის გამოც ფონდის მიერ ფინანსურ დახმარებაზე ფორმალური უფლება დაკარგა. საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, კითხვაზე უნდა დათანხმდეს თუ არა საბერძნეთი კრედიტორების მოთხოვნას, პასუხი "არა" მოსახლეობის 61.31%-მა შემოხაზა, 38.69% კი მოთხოვნების შესრულების მომხრეა.