საქართველოს ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ლარის კურსი დასტაბილურებულია. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, კურსის დასტაბილურება სწორედ იმას ნიშნავს, რომ რყევები აღარ არის მკვეთრი, რაც დღეს სახეზეა.
"რა თქმა უნდა, დასტაბილურება ნიშნავს, რომ რყევები აღარ უნდა იყოს მკვეთრი. დღეს ბუნებრივია, კურსი დასტაბილურებულია, რადგან, როგორც იცით, 2,38-მდე იყო ასული, ამჟამად კი 2,24 -2,25-ზეა. ეს არის ის დონე, რა დონითაც ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში დღეს არის გაუფასურებული ვალუტები დოლართან მიმართებაში. ამიტომ ჩვენ ხელოვნურად უფრო მყარ ვალუტას ვერ შევქმნით გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი სავაჭრო ბალანსი არის ასახული დღეს იმ კურსში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია",- განაცხადა კვირიკაშვილმა, რითაც უპასუხა შეკითხვას, დაახლოებით აღნიშნულ მაჩვენებელს გულისხმობდა თუ არა მთავრობა, როცა ზაფხულში დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დასტაბილურებას პროგნოზირებდა.
მედიამ აღნიშნული შეკითხვით დღეს ფინანსთა მინისტრსაც მიმართა. ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარის დასტაბილურების შესახებ პროგნოზირების გაკეთებისას მთავრობის ეკონომიკური გუნდი დღევანდელ მდგომარეობას არ გულისხმობდა. მისი თქმით, "ექსპორტის და ტურიზმის ზრდის კვალობაზე მოხდება კურსის გამყარება".