პრემიერ-მინისტრის განცხადებით მთავრობა აპირებს კონკრეტულ საუბარს იმ პირებთან, ვისაც ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე უკვე წლებია ლიცენზია აქვთ მოპოვებული და ამ რესურსებს ქვეყნის სასარგებლოდ ვერ იყენებენ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ექსპო-ჯორჯიაში“ პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“ ერთლიანი მუშაობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და ის დამკვიდრებული აზრი, რომ საქართველო არის ღარიბი ქვეყანა, არ აქვს ბუნებრივი რესურსები და ა.შ. მცდარია.
პრემიერის განმარტებით, რეგიონებში მოხდა ადამინაური, ბუნებრივი რესურსების შესწავლა და აღმოჩნდა, რომ იქ არის ბევრი ბუნებრივი რესურსია, რომელიც პრაქტიკულად გამოუყენებელია.
„წლების განმავლობაში და უკვე 20 წელზე მეტია ეს გრძელდება, ხდებოდა ჩვენი ბუნებრივი რესურსების დაკონსერვება, მათი მიძინება და არგამოყენება. შედეგად ჩვენ გავქვს ასობით გაცემული ლიცენზია მთელს რეგიონებში უნიკალურ რესურსებზე, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიყენებთ. რატომ? იმიტომ, რომ თავის დროზე სხვადასხვა ადამიანების ლობირებით ამ ადამიანებმა ხელში ჩაიგდეს სახელმწიფოს რესურსები და ეს რესურსები დღეს არის გამოუყენებელი. ეს არის დანაშაული. მე ამას ასე ვუყურებ იმიტომ, რომ არავის არ აქვს უფლბა სახელმწიფოს კუთვნილი რესურსები არ გამოიყენოს და რაღაც პირადი ინტერესებისთვის შემოინახოს. ამიტომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ პრაქტიკულად დავასრულეთ ამ რესურსების, ამ ლიცენზიების აღწერა, სისტემატიზაცია. გარემოს დაცვის წინა მინისტრმა, ხოკრიშვილმა უკვე დაასრულა და ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან კონკრეტულად ვესაუბროთ ამ ადამიანებს, ვისაც აქვთ ეს ლიცენზიები მიღებული წლების წინ, 20 წლის წინ და შემდეგაც, უკვე სააკაშვილის დროს და ვერ იყენებენ. ამით ჩვენ ვკარგავთ ათეულობით და ასეულობით მილონ დოლარს, ამას კარგავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი სახელმწიფო. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ეს ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.