წინა წლის 5 თვის პერიოდთან შედარებით, საბერძნეთიდან ფულადი გზავნილები 15-16 მილიონი დოლარის ფარგლებში დაგვაკლდა

წინა წლის 5 თვის პერიოდთან შედარებით, საბერძნეთიდან ფულადი გზავნილები 15-16 მილიონი დოლარის ფარგლებში დაგვაკლდა

ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საბერძნეთში შექმნილ ვითარებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გარიცხავენ თუ არა ევროზონიდან საბერძნეთს, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამის პროგნოზირება უჭირს, თუმცა მიიჩნევს, რომ საბერძნეთში განვითარებულ მოვლენებს საქართველოზე გავლენა აუცილებლად ექნება.

"წინა წლის 5 თვის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საბერძნეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები, დაახლოებით, 15-16 მილიონი დოლარის ფარგლებში დაგვაკლდა. მაისში ეს იყო, დაახლოებით, 2.4 მილიონი დოლარი. ეს მთლიან ბალანსში დიდი რიცხვი არ არის. მთლიან ფულად გზავნილებში საბერძნეთიდან შემოსული თანხის პროცენტული მაჩვენებელი, დაახლოებით, 15-16%-ი, თუმცა რუსეთიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვნად შემცირების შემდეგ ეს პროცენტი დაახლოებით, 19-20%-ზე ავიდა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ საბერძნეთის ეკონომიკაში უკვე საშუალოვადიანი უარყოფითი ტენდენცია გაჩნდა, იქ დასაქმებულ ადამიანებს სხვა სამსახურის შოვნა მოუწევთ, "რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება".

გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ბერძენმა ამომრჩეველმა მხარი არ დაუჭირა დახმარების სანაცვლოდ რეფორმების გატარების შესახებ ევროზონის ლიდერების წინადადებას.

როგორც საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლებმა რეფერენდუმამდე განაცხადეს, ისინი ევროჯგუფის ლიდერებთან მოლაპარაკების განახლებას სწორედ საყოველთაო გამოკითხვის შემდეგ აპირებდნენ. თუმცა, თავად ევროზონის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ შედგებოდა იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმზე ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერდა მათ შეთავაზებას. ამგვარად ჯერ უცნობია, განახლდება თუ არა მხარეებს შორის მოლაპარაკებები.