ვლადიმერ პუტინმა მთავარ ამოცანად ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის კორექტირება დაასახელა

ვლადიმერ პუტინმა მთავარ ამოცანად ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის კორექტირება დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მთავარ ამოცანად პოტენციური გამოწვევებისა და რისკების მთელი სპექტრის გაანალიზება და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის კორექტირება დაასახელა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

"უპირველესად, აუცილებელია უმოკლეს ვადებში მოხდეს მთელი პოტენციური გამოწვევებისა და რისკების ანალიზი - პოლიტიკური, ეკონომიკური, საინფორმაციო და სხვ. ამ საფუძველზე უნდა მოხდეს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის კორექტირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი იქნება საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში და დსთ-ს ტერიტორიაზე რუსეთის კომპლექსური პოლიტიკის საფუძვლებში ცვლილებების შეტანა.

დღესვე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა დამოუკიდებელ პოლიტიკას ეწევა და სუვერენიტეტით არ ვაჭრობს. მისი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმ ზეწოლისა, რომელიც რუსეთზე ხორციელდება.

"დღეს ცხადია, რომ მცდელობები არსებობს, დაშალონ და გახლიჩონ ჩვენი საზოგადოება, ითამაშონ ცალკეულ სიძნელეებზე. სუსტი წერტილის მოსინჯვით ვერ მიიღეს მოსალოდნელი შედეგები - მოსლოდნელი მათთვის, ვინც აწესებდა და განაგრძობს ჩვენი ქვეყნისთვის შეზღუდვების დაწესებას", - განაცხადა პუტინმა.