სრულდება პრაქტიკა, როცა არავინ იცოდა სად იყვნენ უშიშროების სამსახურების მიერ დანიშნული

სრულდება პრაქტიკა, როცა არავინ იცოდა სად იყვნენ უშიშროების სამსახურების მიერ დანიშნული "ოდეერები"

იმ ხალხისგან, რომლთაც "ოდეერებზე" სიტყვა არასდროს დასცდენიათ, ადამიანურად რთულია იმის მოსმენა, რომ წარმოდგენილი პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის, - ამის შესახებ დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" პროექტის განხილვისას განაცხადა.

კორძაიას შეფასებით, წარმოდგენილი პროექტით სრულდება პრაქტიკა, როცა არავინ იცოდა სად იყვნენ უშიშროების სამსახურების მიერ დანიშნული "ოდეერები" და რა ფუნქცია ჰქონდათ მათ.

"საერთოდ დღემდე "ოდეერების" თემა აქტუალური არ ყოფილა. დღეს რეალურად ვდგამთ ნაბიჯებს წინ. ეს კანონპროექტი არის პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ საზოგადოებამ გააზრებულად თქვას უარი და გააზრებულად დაემშვიდობოს საბჭოთა წარსულს და პოლიციურ მმართველობას", - განაცხადა კორძაიამ პარლამენტის სხდომაზე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის უფროსს დაამტკიცებს პარლამენტი და მას პრემიერი პარლამენტის გარეშე ვერ გადააყენებს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" პროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც შსს გაყოფასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნას ითვალისწინებს, პარლამენტი მეორე მოსმენით იხილავს.

ამასთან, კანონპროექტის კორექტირებული ვარიანტის თანახმად, საქართველოს მთავრობა, საკუთარი დადგენილებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს განსაზღვრავს. ასეთი სუბიექტებისთვის კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს დაადგენს, გაუწევს მათ სათანადო კონსულტაციას და უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას გაუწევს კონტროლს. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონპროექტით ე.წ. ოდეერების სისტემა და ამასთან დაკავშირებით პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებული ჩანაწერი უქმდება.