დავით კეზერაშვილის ახალი ბრალდებასთან დაკავშირებული კომპანიები განცხადებას ავრცელებენ

დავით კეზერაშვილის ახალი ბრალდებასთან დაკავშირებული კომპანიები განცხადებას ავრცელებენ

შპს "მეტალექსი" და "Steinlord   Enterprises  LLP", რომელთან დაკავშირებითაც დავით კეზერაშვილს ახალი ბრალი წარედგინა, განცხადებას ავრცელებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული კომპანიების ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა აცნობა, პროკურატურა აღნიშნული კომპანიების ირგვლივ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს. ადვოკატი განცხადებაში საგამოძიებო უწყებას გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

"ინტერპრესნიუსი" კომპანიების ინტერესების დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"2015 წლის 02 ივლისს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული იქნა განცხადება, სადაც სხვა გარემოებებთან ერთად აღნიშნულია, რომ დავით კეზერაშვილის მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, თამაზ ნიჟარაძე იძულებული გახდა მისი კუთვნილი 52.5 % წილი შპს "მეტალექსში" უსასყიდლოდ დაეთმო დავით კეზერაშვილის კონტროლირებადი კომპანია "Steinlord   Enterprises  LLP"-სათვის.

გვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების აღნიშნული ნაწილი არ შეესაბამება სინამდვილეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც "Steinlord   Enterprises  LLP", ისე შპს "მეტალექსი" კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის კავშირსა და ურთიერთობას დავით კეზერაშვილთან.

კომპანია "Steinlord   Enterprises  LLP" არასოდეს ყოფილა კონტროლირებადი დავით კეზერაშვილის მიერ. კომპანიის დამფუძნებელს გიორგი ქართველიშვილს არასოდეს არავითარი ნაცნობობა ან შემხებლობა დავით კეზერაშვილთან არ ჰქონია და არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა საწინააღმდეგო ფაქტი. თამაზ ნიჟარაძის განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით განვიხილავთ როგორც ცრუ დასმენას, რის თაობაზეც, უახლოეს დროში მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით.

2011 წლის 7 თებერვალს, თამაზ ნიჟარაძესა და ,,სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფის" შორის დაიდო წილის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც ნიჟარაძემ ,,სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფიზე" გაასხვისა შპს ,,მეტალექსში" მისი კუთვნილი წილის 52,5%. ხელშეკრულების მიხედვით გასხვისებული წილის ღირებულება განისაზღვრა 1050 (ათას ორმოცდაათი) ლარით, რაც წარმოადგენდა წილის ნომინალურ ღირებულებას ( ვინაიდან შპს ,, მეტალექსის" საწესდებო კაპიტალი შეადგენს 2000 ლარს), ამავე დროს ,,სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფიმ" უფლება მისცა თ.ნიჟარაძეს, რათა მიეღო შპს ,,მეტალექსში" 2011 წლის 31 იანვრის ჩათვლით დაფიქსირებული წმინდა მოგების 52.5%". ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულების დადების დროისათვის, წმინდა მოგების მიღების შესაძლებლობა რეალურად არ არსებობდა, რაც დასტურდება შპს ,,მეტალექსის" პარტნიორთა კრების 2011 წლის 31 იანვრის ოქმით. წილის გასხვისების შემდეგ, შპს ,,მეტალექსის" 2011 წლის 28 აპრილის პარტნიორთა კრებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწარმოს მოგების განაწილების შესახებ. კრებას, სხვა პარტნიორებთან ერთად ესწრებოდა კომპანიის 52.5 % წილის მფლობელი ,,სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფის" წარმომადგენელი. კრების ოქმში, აღინიშნა, რომ შპს ,,მეტალექსის" მოგებამ 2011 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეადგინა 3 210 467 ლარი. ოქმის დანართში კომპანიის 52.5% წილის მესაკუთრედ მითითებულია ,,სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფი", რომლის მიმართაც ხელზე გასაცემმა თანხამ შეადგინა 1601220,42 ლარი. იმავე ოქმში აღნიშნულია, რომ აღნიშნული თანხა გადაეცემოდა თამაზ ნიჟარაძეს. ცხადია, რომ ,,სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფის" წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ნიჟარაძეზე ზემოთ მითითებული 1601220,42 ლარი არ გაიცემოდა. 2011 წლის 29 აპრილს, თ.ნიჟარაძისათვის გადარიცხული იქნა 300 000 ლარი; მასვე გადაეცა 1301220,42 ლარი, რომელიც ნიჟარაძის მიერ გატანილი იქნა შპს ,,მეტალექსის" სალაროდან.

აღნიშნული ფაქტები მთლიანად ცხადყოფენ, რომ არავითარი იძულება ნიჟარაძის მიმართ, შპს "მეტალექსში" მისი კუთვნილი წილის გასხვისების დროს არ განხორციელებულა და აღნიშნული წილის გასხვისების სანაცვლოდ ნიჟარაძემ მიიღო არა 1050 ლარი, არამედ 1050 ლარი + 1 601 220, 42 ლარი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წლის 10 ივნისს, შპს ,,მეტალექსის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიხეილ ლომაძემ თამაზ ნიჟარაძეს 50 ლარად მიჰყიდა 2.5% წილი შპს ,,მეტალექსში", რაც აღნიშნულ კომპანიაში წილის ნასყიდობის ღირებულება, ფორმალურად განისაზღვრებოდა წილის ნომინალურ ფასად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული მოსარჩელე თ.ნიჟარაძის მოთხოვნის ის ნაწილი, სადაც ის მიუთითებდა, რომ 2011 წლის 07 თებერვალს ,,სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფისა" და თ.ნიჟარაძეს შორის დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა იძულებით დადებულ გარიგებას; შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება ხელშეკრულების იძულებით დადებასთან დაკავშირებით არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ამავე დროს, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,მეტალექსში" თ. ნიჟარაძის კუთვნილი წილი შპს ,, მეტალექსში" გაიყიდა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად. თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ამჟამად გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, როგორც "Steinlord   Enterprises  LLP"-სა და შპს ,,მეტალექსის", ისე თამაზ ნიჟარაძის მიერ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარის პროკურატურის შესაბამის სამსახურებს, თავი შეიკავონ "Steinlord   Enterprises  LLP"- ისა და შპს "მეტალექსის" მიმართ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, ვინაიდან აღნიშნული ქმედება, ერთი მხრივ, წარმოადგენს ზემოქმედებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართ, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჩვენი კომპანიების საქმიან რეპუტაციასა და ბიზნეს-საქმიანობას", - აღნიშნულია ადვოკატის განცხადებაში.