თეა წულუკიანის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა შეიძლება რუსეთის ევროპის საბჭოდან გარიცხვითაც კი დასრულდეს

თეა წულუკიანის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა შეიძლება რუსეთის ევროპის საბჭოდან გარიცხვითაც კი დასრულდეს

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა შეიძლება რუსეთის ევროპის საბჭოდან გარიცხვითაც კი დასრულდეს.

თუმცა, იუსტიციის მინისტრი ვარაუდობს, რომ საქმე აქამდე არ მივა, ვინაიდან რუსეთმაც კარგად იცის, რომ 2006 წელს ეთნიკური ქართველების უფლებები დაირღვა და ისინი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეფექტურად აღასრულებენ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ შეთანხმდნენ საქართველო და რუსეთი ერთი წლის განმავლობაში კომპენსაციის ოდენობაზე, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ვინაიდან საქართველოს არ აქვს რუსეთთან ოფიციალური ურთიერთობები, კონკრეტულად რუსულ მხარესთან კომუნიკაცია არ ყოფილა და საქართველომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ორი თვის შემდეგ მიმართა უშუალოდ სტრასბურგის სასამართლოს და შესთავაზა შუამავლობა აღნიშნულ საკითხში, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს პასუხი იყო, რომ სანამ კონსულტაციები გაიმართებოდა, კარგი იქნებოდა თუ მხარეები წარადგენდნენ თავიანთ პოზიციებს.

საქართველომ შეიმუშავა ეს პოზიცია პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით და სავარაუდო კომპენსაციის ოდენობად განსაზღვრა 70 მილიონზე მეტი.

"რუსეთის მხარესთან კომუნიკაცია არ იყო და ვერ იქნებოდა იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს და რუსეთს არ აქვთ ოფიციალური კონსულტაციების ფორმატი და მითუმეტეს, ეს ფორმატი არ გამაჩნია მე, იუსტიციის მინისტრს, რუსეთის იუსტიციის მინისტრთან. ამიტომაც მე წარმომედგინა, რომ ეს ფორმატი შეიძლებოდა ყოფილიყო სტრასბურგის სასამართლოს ფარგლებში. ეს ვერ მოხერხდა. ჩვენს მიერ დოკუმენტაცია წარდგენილია. ჩემთვის უცნობია რუსეთის მხარემ თუ წარადგინა ამ ვადაში რაიმე დოკუმენტაცია, ამას შევიტყობთ დღე დღეზე, როდესაც სტრასბურგი გაცვლის მხარეების პოზიციებს. ამის შემდეგ სტარსბურგის სასამართლო იმსჯელებს ჩვენს შეთავაზებაზე. კონკრეტული ვადები თუ როდის უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს, არ აქვს, მაგრამ როგორც კი გამოიტანს გადაწყვეტილებას თანხის გადახდაზე საქართველოს სასარგებლოდ, აღსრულება დაევალება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკური პრობლემაა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთისთვის და ყველაზე გართულებულ შემთხვევაში შეიძლება ქვეყნის ევროსაბჭოდან გარიცხვითაც კი დასრულდეს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საქართველო ელოდება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ჩათვლის თუ არა იგი საჭიროდ კონსულტაციებს რუსეთსა და საქართველოს შორის და შეახვედრებს თუ არა მხარეებს ერთმანეთს, თუ თავად გამოიტანს გადაწყვეტილებას კომპენსაციის რაოდენობის შესახებ.