დავით უსუფაშვილი:   თუ არ გვინდა დემოკრატია, მაშინ მივყვეთ სხვა გზებს

დავით უსუფაშვილი: თუ არ გვინდა დემოკრატია, მაშინ მივყვეთ სხვა გზებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონპროექტს  გამოეხმაურა. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილებები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმას ითვალისწინებს, პარლამენტში კომიტეტის სხდომებზე დაწვრილებით არის განხილული.

"გვეუბნებიან, რომ ვანო მერაბიშვილის შექმნილი რეპრესიული სისტემა დავტოვოთ უცვლელად. ჩვენ ამაზე ვამბობთ არას. გვეუბნებიან, რომ ცვლილება არ არის საჭირო, რატომ? იმიტომ, რომ კარგად მუშაობდა ეს სისტემა და კმაყოფილი ვიყავით ამით? მაშინ საყოველთაო თვალთვალი, საყოველთაო უბედურება გავაგრძელოთ ასე და არ შევცვალოთ?. ძალიან ყურადღებით ვისმენთ იმ შენიშვნას, რომელიც გასათვალისწინებელია და, რომელიც გააუმჯობესებს ამ სისტემას",-აღნიშან უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პირადად მისთვის სრულიად გაუგებარი და გასაოცარია, არა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდგობა, არამედ მათი, ვინც შსს-ს გაყოფას ითხოვდა.

"ცოტა მიკვირს იმ ხალხისგან, რომელიც ამდენი ხანი ზუსტად ამას ითხოვდა, რომ აუცილებელია მისი გაყოფა. დღეს გვეუბნებიან, რომ არ გავყოთ. თუ რამე კონკრეტული შენიშვნაა, კომიტეტებმა ეს საკითხი განიხილა უკვე ორჯერ, ორი დღის განმავლობაში. თითოეულ წინადადებაზე, რაც არის შემოსული, ან პასუხია გაცემული ან გათვალისწინებულია კანონპროექტში. სხვა მაშინ რა გვინდა?. თუ არ გვინდა დემოკრატია, მაშინ მივყვეთ სხვა გზებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.