ძნელად წარმომიდგენია მთავრობა, რომელიც უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის ობიექტთა ნუსხაში ტელევიზიას შეიყვანს

ძნელად წარმომიდგენია მთავრობა, რომელიც უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის ობიექტთა ნუსხაში ტელევიზიას შეიყვანს

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის ტექნიკური გამოყოფა არ ხდება , - აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა.

ხმალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გადამუშავდა და სახელმწიფო უსაფრთხოების თვისობრივად ახალი სამსახური იქმნება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ის დეტალებიც განმარტა, რომელიც სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულებებში უსაფრთხოების რეჟიმის დაცვის კუთხით შემოდის. ხმალაძე ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით ცივილიზებული მიდგომა წესდება.

"უფლებამოსილებათა ნაწილში არის უფრო მკაფიო ფორმულირებები, რაც უსაფრთხოების სამსახურს მკაფიოდ განსაზღვრულ ჩარჩოებში აქცევს. ის იმ რამდენიმე მიმართულებას ვერ გასცდება, რომელიც კანონშია აღნიშნული. მეორეა, ამ სამსახურის ურთიერთობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, საქმე ყბადაღებულ "ოდეერების" ინსტიტუტს ეხება. მიდგომა, რომელიც ახლა არის წარმოდგენილი, არის ასეთი: მთავრობა თავისი დადგენილებით განსაზღვრავს, რომელია სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე ობიექტი. ეს დოკუმენტი იქნება ღია და ყველას ექნება საშუალება, შეაფასოს, არის თუ არა ესა თუ ის ობიექტი ამ სიაში სწორად შეყვანილი. პრაქტიკულად შეუძლებელია ამ ნუსხაში ისეთი ობიექტის შეყვანა, როგორც არის მაგალითად, ტელევიზია, უნივერსიტეტი. თუკი ასეთი რამე მოხდება, ეს ძალიან მწვავე რეაქციას გამოიწვევს. ძნელად წარმომიდგენია მეტ-ნაკლებად პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა, რომელიც შეიძლება ასეთ რისკზე წავიდეს. მას შემდეგ, რაც მთავრობა განსაზღვრავს, თუ რომელია მაღალი რისკის მქონე ობიექტები, უსაფრთხოების სამსახურმა უნდა დაადგინოს ამ ობიექტისათვის უსაფრთხოების დაცვის სისტემა, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებიდან გამომდინარე. სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა და კონკრეტული სუბიექტები ვალდებული იქნებიან იმ სისტემით დადგენილი მოთხოვნები შეასრულონ, რომელსაც უსაფრთხოების სამსახური დაადგენს. უსაფრთხოების სისტემის შექმნა, მოთხოვნების შესაბამისად, მისი დაცვის უზრუნველყოფა კონკრეტული სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოს ვალდებულება იქნება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ სიაში მყოფ მაღალი რისკის მქონე ობიექტთაგან რომელიმე მიმართავს თხოვნით, ეს ერთობლივად, ხელშეკრულებით გაკეთდეს, უსაფრთხოების სამსახურს შეუძლია ეს მიმართვა დააკმაყოფილოს, ასევე შეუძლია უარი თქვას ამაზე. ხელშეკრულებით განისაზღვრება თანამშრომლობის ფორმები. ეს ის ცივილიზებული მიდგომაა, რომლის დამკვიდრებაც უნდა დავიწყოთ", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ პარლამენტის სხდომაზე.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" პროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც შსს გაყოფასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნას ითვალისწინებს, პარლამენტი მეორე მოსმენით იხილავს.