"ვიკილიქსის" დამფუძნებელს საფრანგეთმა თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა

"ვიკილიქსის" დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს საფარნგეთმა თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, ასანჟმა ცოტა ხნის წინ ღია წერილი გაუგზავნა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს და მას თავშესაფარი სთხოვა.

"ჩემი მიღება საფრანგეთისთვის ჰუმანიტარული და სიმბოლური ჟესტი იქნება, რაც თითოეულ ჟურნალისტსა და აქტივისტს წაახალისებს", – წერია ასანჟის წერილში.

"ვიკილიქსის" დამფუძნებელი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. თუმცა, როგორც ოლანდის რეზიდენციაში განაცხადეს, მათ განიხილეს ასანჟის თხოვნა და გადაწყვიტეს, რომ ის არ დააკმაყოფილონ. "ასანჟი რაიმე საფრთხის წინაშე არ დგას. უფრო მეტიც, მასზე ევროპაში დაკავების ორდერია გაცემული", – წერია განცხადებაში.

ავსტრალიელი ჟურნალისტი და აქტივისტი, ჯულიან ასანჟი 2012 წლის შემდეგ ლონდონში, ეკვადორის საელჩოში იმყოფება. იგი დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობას ვერ ტოვებს იმის გამო, რომ შესაძლოა, ნებისმიერ დროს დააკავონ.

ასანჟი შიშობს, რომ თუ მას ბრიტანეთი შვედეთს გადასცემს, სტოკჰოლმი მის აშშ-ში ექსტრადირებას განახორციელებს, სადაც საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროების გამო, მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული.