ქართული მხარე მზად იყო რუსეთთან კომპენსაციის განსაზღვრის მიზნით შეხვედრისთვის

ქართული მხარე მზად იყო რუსეთთან კომპენსაციის განსაზღვრის მიზნით შეხვედრისთვის

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ქართული მხარე მზად იყო რუსეთთან კომპენსაციის განსაზღვრის მიზნით შეხვედრისთვის, თუმცა ამ შეთავაზებას გამოხმაურება არ მოჰყოლია.

"მას შემდეგ, რაც გამოიცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩვენი მხრიდან გაიგზავნა მიმართვა, რომ მზად ვიყავით ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულიყო შეხვედრა და შევთანხმებულიყავით კომპენსაციის კონკრეტულ თანხასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე ჩვენ შეთავაზებას გამოხმაურება არ მოჰყოლია, ამის შემდეგ ჩვენი პოზიცია, თუ როგორ ვხედავთ საკითხის გადაწყვეტას, გადავაგზავნეთ სტრასბურგში. არ ვიცი რუსეთის პოზიცია რა იყო. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, თუ ერთ წელიწადში ვერ მოხერხდება შეთანხმება, სტრასბურგი თავად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენი პოზიცია მათთვის უკვე ცნობილია", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოსა და რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განსაზღვრული ერთწლიანი ვადა, კომპენსაციის რაოდენობის განსაზღვრისთვის ამოეწურათ. საქმე ეხება 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას, რა საკითხზეც სახელმწიფოთა შორისი დავა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა.