ზურაბ აბაშიძე:    რუსეთთან მარტივად არაფერი არ ხდება

ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან მარტივად არაფერი არ ხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს და რუსეთის იუსტიციის სამინისტროები უნდა შეთანხმდნენ კომპენსაციების რაოდენობაზე, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ ეს ვერ მოხდა. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, როდესაც იმ თემას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და რუსეთს კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად ვადა ამოეწურათ.

"მხარეები არიან იუსტიციის სამინისტროები, გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა შეთანხმდნენ კომპენსაციების რაოდენობაზე. სამწუხაროდ, ჯერ ეს ვერ მოხერხდა. რამდენადაც მე ვიცი, ჩვენი იუსტიცის სამინისტრო ამაზე მუშაობს, თეა წულუკიანი უფრო კონკრეტულად მოგახსენებთ, სად ვართ, როგორ ვართ და რას ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა აბაშიძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ ვერ მოხერხდა შეთანხმება, აბაშიძემ განაცხადა, რომ მარტივად რუსეთთან არაფერი არ ხდება.

"მარტივად რუსეთთან არაფერი არ ხდება. თემა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკურად ჩვენთვის ეს იყო ძალიან სერიოზული წარმატება. რაც შეეხება კომპენსაციის კონკრეტულ რაოდენობას, ეს უნდა მომხდარიყო აქამდე", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ საკითხს პრაღის ფორმატში არ განიხილავენ, რადგან ეს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაა.