2015 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის მაჩვენებელი საშემოსავლო ნაწილში გადაჭარბებით შესრულდა

2015 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის მაჩვენებელი საშემოსავლო ნაწილში გადაჭარბებით შესრულდა

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის მაჩვენებელი საშემოსავლო ნაწილში გადაჭარბებით შესრულდა, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ცოტნე ყავლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გადაჭარბება 252 მილიონ ლარს შეადგენს, ნომინალში კი მთელმა თანხამ 4 მილიარდ 787 მილიონი ლარი შეადგინა.

"გადაჭარბების პროცენტული მაჩვენებელი 5,9%-ს შეადგენს, რაც ძალიან მაღალი შესრულების მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით. საგადასახადო შემოსულობების ნაწილში სახელმწიფოს ბიუჯეტი ასევე შესრულებულია გადაჭარბებით 76,9 მილიონი ლარით. გადაჭარბება შეადგენს დაახლოებით 2%-ს ექვსი თვის გეგმასთან მიმართებაში, ხოლო წლიურ გეგმასთან მიმართებაში ეს 47%-ია, ხოლო იმ გეგმასთან მიმართებაში რომელიც ინიცირებულია უკვე პარლანეტში ცვლილებების სახით - 48,4%. ესეც ძალიან მაღალი მაჩვენებელია ექვსი თვის მდგომარეობის", - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, მისი თქმით, იგი 96%-ით არის შესრულებული გეგმის მიმართ და წლიური მაჩვენებლის 46%-მდე არის, წინა სამ წელთან შედარებით დაახლოებით 3%-ით აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს.