ემზარ კვიციანის განცხადებით, სააკაშვილის და ადეიშვილის ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს

ემზარ კვიციანის განცხადებით, სააკაშვილის და ადეიშვილის ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს

ემზარ კვიციანის განცხადებით, ჩანაწერზე, რომელშიც სააკაშვილი და ადეიშვილი მასზე, სულხან მოლაშვილზე და ლევან მამალაძეზე საუბრობენ, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

როგორც კვიციანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გამოქვეყნებული ჩანაწერი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს და საგამოძიებო უწყება ვალდებულია მოკვლევა დაიწყოს.

კვიციანის თქმით, გამორიცხული არ არის, ამ ჩანაწერის გავრცელება უცხოურ სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს, რომლებსაც მართლაც სურთ მისი მოკვლა.

კვიციანის ინფორმაციით, ადეიშვილისა და სააკაშვილის საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა უკრაინულ საინფორმაციო სააგენტოებზე: slovo.net.ru-ზე, ua-ზე და vikiliks-ზე.

"სააკაშვილის ფარული მხარდამჭერები ცდილობენ, რომ თქვან, თითქოს ეს სიყალბეა, მაგრამ თითოეული სიტყვა, რომელიც ჩანაწერშია, ეკუთვნის სააკაშვილს. ვერ დავიფიცებ, რომ მეორე ადეიშვილია, თუმცა სააკაშვილის ყველა სიტყვა რეალურია. ადეიშვილი ჩანაწერში ამბობს, რომ კვიციანი გამოუშვეს, რადგან ხალხი გამოყარეს და ამათ ხალხის შეეშინდათ. ხალხის თანადგომა რომ არ ყოფილიყო, დღესაც იქ ვიქნებოდი და 12 წელი ციხეში მომიწევდა ყოფნა. თუკი პროკურატურაში კიდევ რჩებიან სააკაშვილის მომხრეები, ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

მისივე თქმით, ის, სულხან მოლაშვილი და ლევან მამალაძე ერთობრივ ბრიფინგს გამართავენ, სადაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. კვიციანი აცხადებს, რომ სააკაშვილის დავალებით, მას რამდენიმე ხაფანგი აქვს დაგებული.

"ერთ-ერთი ასეთი არის საგვარეულო ეკლესია, რომელიც აშენდა მთავარანგელოზ გაბრიელის სახელზე. იქ მიიყვანეს უშიშროების თანამშრომლებმა ერთი პირი, რომელსაც როგორც ჩანს, საპატრიარქოშიც ჰყავს მფარველი, ეკლესიასთან ახლოს ათას უმსგავსობას ჩადიან და ცდილობენ, მდგომარეობიდან გამომიყვანონ. ისინი აგინებენ მღვდლებსაც, რომ მივიდე და მდგომარეობიდან გამომიყვანონ. ერთ-ერთი ასეთი ხაფანგი კიდევ დაგებული მაქვს დოლიბაურის პირველ ჩიხში, ჩემს ყოფილ სახლში, რომელიც ოქრუაშვილმა უკანონოდ ჩამომართვა. იქ ჩასახლებულია ოქრუაშვილის ახლობელი ომარ მეტრეველი, რომელსაც როგორც ვიცი, "ქილერას" ეძახიან. უნდათ, რომ შევიდე სახლში და მერე თქვან, რომ რაიმე უკანონო ჩავიდინე. მესამე ხაფანგი კი ის არის, რომ ადეიშვილი ჩანაწერშიც ამბობს, თუკი კვიციანი შენს ყვარლის რეზიდენციაში შეყოფს ცხვირს, "ბოროტა" გაფრთხილებულია და დაიჭერენო. ეს ბოროტა ალბათ, არის პირი, რომელსაც გავლენა აქვს პროკურატურაში", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

მან მოსახლეობას მოუწოდა გაერთიანებისკენ. როგორც კვიციანმა აღნიშნა, თუკი პროკურატურა ვერ ახორციელებს საკუთარ უფლება-მოვალეობებს, ეს ხალხმა უნდა გააკეთებინოს.

ემზარ კვიციანის თქმით, საპროტესტო აქციები ამერიკის საელჩოსთან დაიწყება იქიდან გამომდინარე, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებაში უცხოური სპეცსამსახურები არიან გარეული.

"რეალურად ჩვენს ქვეყანას ორი დიდი სახელმწიფო - ამერიკა და რუსეთი განაგებს, რომლებიც ერთად არიან და შეთანხმებულად მოქმედებენ. ამასობაში კი ჩვენ გვხვდება", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.