ნიგერიაში 150-მდე ადამიანი სავარაუდოდ,

ნიგერიაში 150-მდე ადამიანი სავარაუდოდ, "ბოკო ჰარამის" მებრძოლებმა მოკლეს

ნიგერიაში 150-მდე ადამიანი სავარაუდოდ, ისლამისტური დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" მებრძოლებმა მოკლეს. "ბიბისის" ცნობით, ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, ბორნოს შტატში მოხდა. თვითმხილველების თქმით, შეიარაღებულმა პირებმა ტბა ჩადთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში 97 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ქალები და ბავშვები. 

ამასთან, კიდევ ერთ სოფელ მონგუნოში "ბოევიკებმა" 48 ადამიანი მოკლეს. გარდა ამისა, მათ დაიკავეს აღნიშნული სოფელი. თავად "ბოკო ჰარამს" მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია. თუმცა, მსგავს თავდასხმებს აღნიშნული დაჯგუფება ხშირად ახორციელებს. 

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ცნობით, 2009 წლის შემდეგ, 17 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა "ბოკო ჰარამის" თავდასხმებს. დაჯგუფების მიზანს ქვეყანაში ისლამისტური მმართველობის დამყარება წარმოადგენს.