ქართულმა კლუბებმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები წაუგებლად ითამაშეს

ქართულმა კლუბებმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები წაუგებლად ითამაშეს

ქართულმა კლუბებმა ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში წაუგებლად ითამაშეს. 

თბილისის "დინამომ" "დინამო არენაზე" აზერბაიჯანული გაბალა 2:1 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ "დინამოს" 51-ე წუთზე მსაჯმა ფეხბურთელი გაუძევა, ქართულმა გუნდმა წარმატებას მაინც მიაღწია. ანგარიში 65-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გახსნა, 74-ე წუთზე ჯავით ჰუსეინოვმა გაათანაბრა, საბოლოო ანგარიში კი 84-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა დააფიქსირა. 

გამარჯვებით დაიწყო საკვალიფიკაციო ეტაპი ბათუმის "დინამომაც". "დინამომ" კვიპროსულ "ომონიას" ზესტაფონში უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ წყვილში ფეხბურთის სპეციალისტები აშკარა ფავორიტად კვიპროსულ გუნდს მიიჩნევენ. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 40-ე წუთზე გიორგი გაბედავამ საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა. 

პირველად მონაწილეობს ევროტურნირებზე ცხინვალის "ცხინვალი". კახა კაჭარავას გუნდი სტუმრად რუმინულ "ბოტოშანს" შეხვდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. 21-ე წუთზე ანგარიში პეტრე- დანიელ ივანოვიჩმა გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ გაათანაბრა. 

განმეორებითი შეხვედრები ერთ კვირაში გაიმართება. თბილისის "დინამო" და ბათუმის "დინამო" სტუმრად ითამაშებენ, ხოლო "ცხინვალი" მეტოქეს შინ უმასპინძლებს.