გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციაში აშშ-ს ელჩი განმარტებებისთვის დაიბარეს

გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციაში აშშ-ს ელჩი განმარტებებისთვის დაიბარეს

მედიაში გამოქვეყნებულ ცნობებთან დაკავშირებით, რაც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გერმანიის მთავრობის წევრებზე თვალთვალს უკავშირდება, გერმანიის ფედერალური კანცლერის უწყების ხელმძღვანელმა პეტერ ალტმაიერმა გერმანიაში აშშ-ს ელჩი ჯონ ემერსონი განმარტებებისთვის დაიბარა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით "დოიჩე ველე" წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ემერსონთან "გადაუდებელი საუბრის" დროს ალტმაიერმა მოითხოვა, ამერიკელ დიპლომატს გაეკეთებინა განმარტება ანგელა მერკელისა და ფედერალური კანცლერის უწყების თანამშრომელთა სატელეფონო საუბრების მოსმენებთან დაკავშირებით. ბერლინის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ელჩის მიწვევა შესაძლოა განხილული იყოს როგორც ელჩის დაბარება, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს ხელისუფლების მკვეთრ პროტესტს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ქმედებების წინააღმდეგ.

გამოცემა ასევე წერს, რომ ერთი დღით ადრე, გერმანულმა გამოცემებმა "Wikileaks"-ზე დაყრდნობით დაწერეს, რომ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ბრიტანულ სპეცსამსახურებთან ერთად გერმანიაში ფედერალური მინისტრებისა და მაღალჩინოსანთა სატელეფონო მოსმენებს ახორციელებდა.