ქართველები საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო ურთიერთობებით ამაყობენ

ქართველები საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო ურთიერთობებით ამაყობენ

ქართველები ამაყობენ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო ურთიერთობებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამერიკა საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული მოკავშირეა, თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებები კი, რომლებიც ასახულია ჩვენი ქვეყნების მიერ ორმხრივად აღებულ ვალდებულებებში, უზრუნველყოფს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო პარტნიორობის მტკიცე და ურყევ საფუძველს.

"აშშ-ის საელჩოს მიერ გამართულ მიღებაზე ჩემთვის მეტად სასიხარულოა თქვენთან ერთად ყოფნა ამ წვეულებაზე ამერიკის დამოუკიდებლობის აღსანიშნავად. ვსარგებლობ შემთხვევით, რათა მადლობა მოვახსენო ამერიკის ელჩსა და საელჩოს თანამშრომლებს ამ ღონისძიების მასპინძლობისთვის. დიდი მადლობა პირადად ბატონ ელჩსა და თქვენ ყველას საქართველოს მხარდაჭერისთვის. ამერიკა არის საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი და თქვენი წვლილი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერებაში ფასდაუდებელია. 1776 წლის 4 ივლისს კონტინენტურმა კონგრესმა დაამტკიცა დამოუკიდებლობის დეკლარაციის საბოლოო ვერსია. ეს იყო დიდი დღე ამერიკის ისტორიაში და არანაკლებ დიდი დღე მთელი მსოფლიოსთვის. მართალია ჩვენი 24-წლიანი დემოკრატია ბევრად უფო ახალგაზრდაა, ვიდრე თქვენი, ჩემთვის ნათელია პარალელები, რომლებიც არსებობს ჩვენი დიადი ქვეყნების დამოუკიდებლობის მოძრაობებს შორის. დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე საქართველოს ამოძრავებდა თავისუფლების იგივე პრინციპები, რომლებმაც სული ჩაუდგეს ამერიკის რევოლუციას. უდიდესი საფრთხის მიუხედავად, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არასდროს შეჩერებულა და მთელმა თაობებმა გაწირეს თავი იმ იმედით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ოცნება ერთ დღეს რეალობად იქცეოდა. ვიმეორებ, ამერიკა არის საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული მოკავშირე. თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებები, რომლებიც ასახულია ჩვენი ქვეყნების მიერ ორმხრივად აღებულ ვალდებულებებში, უზრუნველყოფს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო პარტნიორობის მტკიცე და ურყევ საფუძველს. პირადად მე უდიდეს სიხარულს მანიჭებს ჩვენი მეგობრობის გაძლიერება, რომელიც ყოველდღიურად იკრებს ძალას. შარშან ამერიკაში ვიზიტის დროს მე ვეწვიე ორ უდიდეს ღირსშესანიშნაობას: გვირგვინით შევამკე უცნობი ჯარისკაცის საფლავი, როდესაც კოლუმბიის ოლქში ვიმყოფებოდი, ხოლო ნიუ-იორკში ვეწვიე 1 სექტემბრის მემორიალს. ორივე ადგილი მოგვაგონებს იმ უდიდეს მსხვერპლს, რომელიც ამერიკამ გაიღო და დესაც იღებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად. მინდა მოგითხროთ ერთი ამბავი, რომელმაც აღმავსო ოპტიმიზმით საქართველო-ამერიკის ურთიერთობათა მომავალთან დაკავშირებით. სულ ახლახან ელექტრონული ფოსტით მივიღე წერილი ლივაი კასტოსგან, ვაშინგტონელი სკოლის მოსწავლისაგან, რომელიც მუშაობდა ანგარიშზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოძრაობის შესახებ. მართალია ჩემს აპარატში ათასობით წერილი შემოდის, ამ კონკრეტულმა გზავნილმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. უნდა გამოგიტყდეთ, რომ მისმა დაინტერესებამ და ცნობისმოყვარეობამ იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ გადავწყვიტე, პირადად მეპასუხა მისთვის. ქართველები ამაყობენ ჩვენ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობებით, ხოლო ლივაის მსგავსი სტუდენტები გვაძლევენ იმედს, რომ თანამშრომლობის სულისკვეთება არ შენელდება მომდევნო თაობებშიც. დაბოლოს, ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ ყველას ამერიკის შეერთებული შტატების უწყვეტი და მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.