დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი გახსნა

დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი გახსნა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი გაიხსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო ცენტრი სამედიცინო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველებს უკვე დღეიდან მიიღებს.

ცენტრი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. ეროვნული სასწავლო ცენტრის შექმნის მიზანი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და მათ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვაა. ამჟამად სიმულაციური სწავლებები ცენტრის მომავალ ტრენერებს უტარდებათ. სასწავლო ცენტრში, ყველა ძირითადი სპეციალიზაციის ექიმისა და ექთნის გადამზადებაა შესაძლებელი. ცენტრი განკუთვნილია როგორც სიმულაციური ისე თეორიული სწავლებისთვის. შენობაში სასტუმროს ტიპის ოთახებიც არის მოწყობილი, რომლითაც რეგიონებიდან ჩამოსული სამედიცინო პერსონალი ისარგებლებს.

"ეროვნული სასწავლო ცენტრის შენობა წინა ხელისუფლების დროს აშენდა, თუმცა უხარისხოდ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების გამო, სარემონტო გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარება აუცილებელი გახდა. შენობას ტექნოლოგიური ბზარი ჰქონდა, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. შენობის გარე ფასადზე შეიცვალა მოსაპირკეთებელი ფილები, ხელახლა გადაიხურა სახურავი და ტერასები, ახლიდან მოეწყო ჰიდროიზოლაციაც. ამჟამად ცენტრის შენობა თანამედრიოვე სტანდარტების მიხედვით არის მოწყობილი. სასწავლო ბაზა მაღალტექნოლოგიური სიმულატორებითა და მულაჟებით არის აღჭურვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.