საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, 2008 წელს ბუდაპეშტში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ამის შესახებ თინათინ ხიდაშელმა შვეიცარიულ გერმანულენოვან გამოცემაში "ციურიხის ახალი გაზეთი" (Neue Zürcher Zeitung) ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი.
"2008 წელს ბუდაპეშტში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. მომდევნო სამიტზე, რომელიც 2016 წელს ვარშავაში გაიმართება, ჩვენ სწორედ ამას მოვითხოვთ. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ნათელია. დამატებით პირობებზე მოლაპარაკებებსა და ვაჭრობას არ ვაპირებთ. ტექნიკური მოთხოვნები შევასრულეთ. საქმე გვაქვს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან. მე ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, რაც ამ გზაზე უკან დაგვახევინებდა", - განაცხადა ხიდაშელმა.
რაც შეეხება კითხვას, რომ რიგაში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე, საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ხიდაშელმა განაცხადა, რომ ვიზის ლიბერალიზაციას საქართველოს წლის ბოლოსთვის დაპირდნენ, როდესაც რამდენიმე ტექნიკურ პუნქტს, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნებს შეასრულებს, მათ შორის მიგრაციის კანონის გაუმჯობესებაც იგულისხმება. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს საფუძვლიანი და სამართლიანი მოთხოვნები ჰქონდა.
კითხვაზე, არსებობს დასავლურ საზოგადოებაში საქართველოს მიღების პოლიტიკური ნება თუ დასავლეთმა საქართველოსთვის მეტი უნდა გააკეთოს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ დასავლეთმა საქართველოსა და უკრაინისთვის მეტი უნდა გააკეთოს.
"თბილისში ჩემი საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან კავკასიონს ვხედავ. კარგი ხილვადობის პირობებში რუსული დროშების დანახვაც შესაძლებელია. გულწრფელად ვფიქრობ და ვამბობ, რომ დასავლეთმა საქართველოსა და უკრაინისთვის მეტი უნდა გააკეთოს. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ჯარისკაცებმა საქართველოში იბრძოლონ ან მოსკოვში ბომბები ისროლონ. უბრალოდ, ვამბობთ, პოლიტიკური ნება გამოხატონ და გვაჩვენონ, რომ ჩვენი გვერდით ყოფნა ნამდვილად სურთ.
საქართველოს რუსეთის ნოსტალგია არ აქვს - ასეთია უმრავლესობის პოზიცია. თუმცა, პროდასავლური ძალების გარკვეული უკუსვლა შეიმჩნევა. ამ ფონზე, გაურკვეველი პოლიტიკური ძალები ჩნდებიან ხოლმე. ზოგადად, არა მხოლოდ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, არამედ, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომელიც უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, მედიის თავისუფლების სფეროში და სასამართლო სისტემაში", -განაცხადა ხიდაშელმა.
აშშ-ს როლზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.
"ქვეყანა მადლიერია იმ მხარდაჭერისთვის, რასაც აშშ ჩვენს მიმართ გამოხატავს. რთულ წლებში ამერიკიდან ბევრი ჰუმანიტარული დახმარება მივიღეთ. ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში. აშშ სამხედრო მიმართულებითაც მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს", -განაცხადა მინისტრმა.