გმირთა მემორიალთან ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპულ ქართველ მეომრებს პატივი მიაგეს

გმირთა მემორიალთან ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპულ ქართველ მეომრებს პატივი მიაგეს

გმირთა მემორიალთან ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპულ ქართველ მეომრებს პატივი მიაგეს. გმირთა მოედანზე გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის წევრები, თადარიგის პოლკოვნიკი, ოჩამჩირის შტაბის ყოფილი უფროსი დოდო გუგეშაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, ტამიშის ბრძოლის მონაწილეები და სხვა პირები იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს. ეროვნული გვარდიის კაპელანმა დეკანოზმა მიქაელ კირკიტაძემ გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. გმირთა მემორიალთან ისმოდა საგალობლები და ხალხური სიმღერები, რომელიც ომისა და შეიაღებული ძალების ვეტერანების ანსამბლ "მშვიდობის" წევრებმა შეასრულეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, ამ დღეს ქართველებმა შეძლეს სოხუმისკენ გზის გახსნა. შიხიაშვილმა ქართველ ერს ერთიანობა ისურვა, რათა სიყვარულითა და შერიგებით დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები.

გია გვაზავას თქმით კი, ეს დღე ქართველების ღირსების ზეიმია. გვაზავა მიიჩნევს, რომ ტამიშთან დაღუპულ მებრძოლთა გმირობა მომავალი თაობისათვის ბრძოლის მაგალითი იქნება.

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 23 წელი გავიდა. 1992 წლის 2 ივლისს, 05:00 საათზე დაბა ტამიშთან გადმოსხმული დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს. სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, ქართველებს საბრძოლო თვალსაზრისით, სტრატეგიული ზონა მაშინ არ დაუთმიათ. ყველაზე მეტი დანაკარგი ამ შეტევაში სხვა სამხედრო შენაერთებთან ერთად "შავნაბადას" და "ავაზას" ბატალიონებმა განიცადეს.