რაც 20 წელი ვაშენეთ, ერთ დღეში წაიღეს – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფოთის პორტთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილის საქმეში დაზარალებულად ცნობილმა, თამაზ ნიჟარაძემ განუცხადა. მისი თქმით, რაც საქმეში დევს, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა.
"პროკურატურამ რაც თქვა, ზუსტად ისე იყო ყველაფერი. 2010 წლის 14 აგვისტოში დამიბარა კეზერაშვილმა, განახორციელა მუქარა და ძალადობა. თუ რამე გამაჩნდა, ყველაფერი წაიღო. რაც 20 წელი ვაშენეთ, ერთ დღეში წაიღეს", - განაცხადა ნიჟარაძემ და აღნიშნა, რომ ქონება და ბიზნესი, რომელიც წაართვეს, ისევ კეზერაშვილის განკარგულებაშია. მისივე თქმით, დაუბრუნდება თუ არა წართმეული ქონება, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია.
გარდა ამისა, ნიჟარაძე ასევე კეზერაშვილს დებს ბრალს 2013 წლის მაისში ავტომობილის აფეთქებაში. როგორც ნიჟარაძემ აღნიშნა, კეზერაშვილი სხვადასხვა პირების მეშვეობით მას და მის შვილს მუქარას უთვლიდა, რათა პროკურატურისგან და სასამართლოსგან წარმთეულ ქონებასთან დაკავშირებით საქმის გამოძიება არ მოეთხოვათ.
"საქმეს იძებს პოლიცია. აფეთქების შემდეგ რომ დამკითხეს, მის მერე აღარც დავუკითხივართ. კეზერაშვილის მხრიდან იყო მუქარა, რომ აღარ მომეთხოვა პროკურატურის და სასამართლოს მხრიდან საქმის გამოძიება", - აღნიშნა ნიჟარაძემ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა. პროკურატურის ინფორმაციით, დღეს, გამოძალვის ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და შემდგომში ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი.გამოძიებით დადგენილია შემდეგი: 2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნესსაქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული. გამოძიების თანახმად, კეზერაშვილმა მამა-შვილ ნიჟარაძეებს ქონება წაართვა.