აბიტურიენტთა დაახლოებით 3 პროცენტი გამოცდაზე არ მივიდა

აბიტურიენტთა დაახლოებით 3 პროცენტი გამოცდაზე არ მივიდა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, პირველ ნაკადში რეგისტრირებულ აბიტურიენტებს შორის, დაახლოებით 3% საგამოცდო ცენტრებში არ გამოცხადდა. 

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველ ნაკადში რეგისტირებული იყო 9 583 აბიტურიენტი, მათგან 305 გამოცდაზე არ გამოცხადდა, სამმა აბიტურიენტმა დაიგვიანა, ერთი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი კი გამოცდიდან მოიხსნა. 

აბიტურიენტების დაგვიანების ფაქტები დაფიქსირდა თბილისში 175-ე საჯარო სკოლაში და მაღლივ კორპუსში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში, ასევე ბათუმის უნივერისტეტში. რაც შეეხება ნასვამ მდგომარეობაში მყოფ აბიტურიენტს, ის საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის მე-6 კორპუსში გამოცხადდა. 

"ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი შევიდა საგამოცდო სექტორში. ჯერ ტესტები გახსნილი და დარიგებული არ იყო, მეთვალყურემ შეამჩნია, რომ არასათანადოდ იქცეოდა და ადმინისტრატორს მიმართა. ჩამოიყვანეს ექიმის კაბინეტში, სადაც აღმოჩნდა, რომ ნასვამი იყო, შემდეგ დახმარება ვთხოვეთ პატრულის ეკიპაჟს, დადასტურდა ნასვამობა და მოიხსნა გამოცდიდან", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 

მისივე ინფორმაციით, გასულ წელს აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის შემთხვევა არ ყოფილა. 
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდით დაიწყო.