მაღალმთიანი რეგიონების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისთვის დამატებითი სახსრების მობილიზება საჭირო არ იქნება

მაღალმთიანი რეგიონების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისთვის დამატებითი სახსრების მობილიზება საჭირო არ იქნება

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის აზრით, მაღალმთიანი რეგიონების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნა შიდა რესურსებით შესაძლებელია და ამისთვის დამატებითი სახსრების მობილიზება საჭირო არ იქნება.

ამის თაობაზე ვოლსკიმ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. ვოლსკი უკმაყოფილოა, რომ პროექტი მედიით დეტალურად არ გაშუქდა და მთავარ თემად "მთის მინისტრის" საკითხი იქცა.

"არ უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი თემა გამოკიდებული. ეს არის კნინობითი სახელით წარმოჩენილი თემა - "მთის მინისტრი", რომელიც სკანადალურს ჩამოჰგავს, თითქოსდა სახელმწიფო აპირებს დამატებითი სახსრების მობილეზებას კიდევ ერთი არასაჭირო სტრუქტურის შექმნის მიზნით. ეს აბსოლუტურად აცდენილია სიმართლისგან. შიდა რესურსების მობილიზებით სავსებით შესაძლებელია მოქნილი, ინტელექტუალურად მომზადებული სტრუქტურის შექმნა, რომელიც ამ მიმართლებით სახელმწიფოს ძალისხმევას მოუყრის თავს", - განაცხადა ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე.

დღევანდელ სესიაზე უმრავლესობის წევრი დეპუტატების მხრიდან კიდევ ერთხელ დაისვა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღების საკითხი. თავად აღნიშნული კანონპროექტი ასეთი პოსტის შემოღებას არ ითვალისწინებს.