ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ, რომ ICAO-ს მოთხოვნებთან შესაბამისობის მაჩვენებელი გაზრდილიყო

ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ, რომ ICAO-ს მოთხოვნებთან შესაბამისობის მაჩვენებელი გაზრდილიყო

ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ ამ წლების განმავლობაში იმისთვის, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნებთან შესაბამისობის წილობრივი მაჩვენებელი გაზრდილიყო და ეს ასეც არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმადაც საქართველოში ICAO-ს აუდიტორები გეგმავენ ჩამოსვლას.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ისინი საქართველოში ჩამოდიან რეგულარულად. "ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ ამ წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ICAO-ს მოთხოვნებთან შესაბამისობის წილობრივი მაჩვენებელი გაზრდილიყო და ეს ასეც არის. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ სამი წლის წინანდელი მონაცემები და დინამიკა არის დადებითი შესაბამისობის მაჩვენებლის კუთხით. იმაზე, რომ არის გამოსასწორებელი საკითხები, არავინ დავობს, მაგრამ ეს არ არის შავი სია და არ არის აკრძალვა საქართველოს ავია გადამზიდავებისთვის. საუბარია იმაზე, რომ გამოსასწორებელი საკითხები გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა და ტარდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ICAO-ს ექსპერტების ჩამოსვლა ხდება რეგულარულად. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. მისივე თქმით, აბსოლუტურად ხელოვნურადაა აჟიოტაჟი შექმნილი.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა სახელმწიფო ქართული ავიაკომპანიების ჩარტერული რეისების სუბსიდირებას, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეროვნულ ავიაკომპანიებს მაქსიმალურად შეუწყო ხელი, რომ მათ ახალი მიმართულებები დაეწყოთ და რამდენიმე ახალი მიმართულება მათ უკვე დაიწყეს.

"ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებით მიმდინარეობს კიდევ მოდელზე მუშაობა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პროტექციონიზმი იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ადრე იყო, დღეს ვერ გვექნება. რაღაც დონის ხელშეწყობა ეროვნულ ავიაგადამზიდავებს უნდა ჰქონდეთ და აქვთ. შესაძლოა, ცოტა უფრო მეტ მასშტაბზე ვისაუბროთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ის უახლოეს დღეებში გეგმავს შეხვედრას თამაზ გაიაშვილთან. "სუბსიდირებაზე არ არის საუბარი. ლაპარაკია იმაზე, რომ გამოვნახოთ სწორი მექანიზმები. სხვათა შორის, ჩვენ მათ შევთავაზეთ სახელმწიფო სექტორის თანამშრომლებისა და წარმომადგენლების სამივლინებო პაკეტის უზრუნველყოფა. ამ კუთხით ჩვენ ვმუშაობთ და ვნახოთ. ალბათ რაღაც საინტერესო შედეგამდე მივალთ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ე. წ. შავ სიაში მოხსენიება და დღის წესრიგში ამ ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვის საკითხი დგას.