მურმან დუმბაძე - აჭარის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად აბაშიძის და სააკაშვილის მთავრობების ცნობილი ზონდერია წარდგენილი

მურმან დუმბაძე - აჭარის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად აბაშიძის და სააკაშვილის მთავრობების ცნობილი ზონდერია წარდგენილი

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის მურმან დუმბაძის განცხადებით, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელად ასლან აბაშიძისა და მიხეილ სააკაშვილის მთავრობების ცნობილი ზონდერია წარდგენილი. 

ბათუმში განხორციელებულ საკადრო გადაწყვეტილებაზე დუმბაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრა. 

"რეგიონის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, რომელიც დაახლოებით 30 წელია, რაც "რესპუბლიკური პარტიის" წევრია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუხრან ვახტანგაძე წარადგინა. ვახტანგაძე იყო აბაშიძის ცნობილი ზონდერი, შემდეგ გახდა სააკაშვილის მთავრობის ცნობილი ზონდერი და როგორც ჩანს, ღარიბიშვილის მთავრობის პერსპექტიული ზონდერი იქნება. ქვეყანას კონფრომიზმი წალეკავს", - განაცხადა დუმბაძემ პარლამენტის სხდომაზე.

მისივე თქმით, 2003 წელს 23 ოქტომბერს, ბათუმში მიტინგის დარბევისა და კობა დავითაშვილის სასტიკი ცემის ორგანიზატორი მუხრან ვახტანგაძე იყო. როგორც მურმან დუმბაძემ სესიაზე განაცხადა, 2004 წლის 19 იანვარს ვახტანგაძის კუთვნილ კაფეში სამმა ახალგაზრდამ: ირემაძემ, ყურაშვილმა და დუმბაძემ საქართველოს სადღეგრძელო დალიეს, ეს ვახტანგაძის ზონდერების ჯგუფს არ მოეწონა და ახალგაზრდებს უსასტიკესად გაუსწორდნენ. დუმბაძე ცემის შედეგად გარდაიცვალა. მურმან დუმბაძემ განაცხადა ისიც, რომ ვახტანგაძე ზონდერ ჯგუფს ხელმძღვანელობდა 2007 წლის ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის აქციების დარბევისას. ასევე არჩევნებში იღებდა მონაწილეობას "ნაციონალურ მოძრაობის" საარჩევნო სიით.