თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე დარწმუნებულია, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საკმაოდ სერიოზულად აისახება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფხალაძემ განაცხადა, დღეს საქართველოში თურქმენეთის მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები ჩამოვლენ, რომლებიც თავიანთ კოლეგებთან შეხვედრებს დღესვე დაიწყებენ. ხვალ კი, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თურქმენეთის პრეზიდენტი ეწვევა.

ფხალაძის თქმით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო არენაზე საქართველოს გეოპოლიტიკური როლის კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩენას და სწორედ ამ ხაზის ფარგლებში უნდა იყოს განხილული თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტიც.

"ეს არის თურქმენეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში. საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაცია გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტის თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის დროს დაიწყო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტს, რომელიც მიზნად ისახავს მოლაპარაკებებს ყველა იმ თემატიკაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ასევე გეოპოლიტიკური და ტრანსრეგიონული პროექტების განვითარებისთვის", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ და დასძინა, რომ უპირველესი აქცენტი შეხვედრების ფარგლებში ეკონომიკაზე, სატრანსპორტო პოტენციალსა და ენერგოდერეფნებზე გაკეთდება.