სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს მთავრობა დაადგენს

სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს მთავრობა დაადგენს

საქართველოს მთავრობა, საკუთარი დადგენილებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს განსაზღვრავს. ასეთი სუბიეტებისთვის კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს დაადგენს, გაუწევს მათ სათანადო კონსულტაციას და უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას გაუწევს კონტროლს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონპროექტით ე.წ. ოდეერების სისტემა და ამასთან დაკავშირებით პროექტში არსებული ჩანაწერი უქმდება. ამასთან, კანონპროექტში იწერება ახალი თავი სახელწოდებით – "სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმის დაცვა".

აღნიშნულ საკითხზე განმარტებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გაკეთდა, სადაც საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვერანაირ სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცერს ვერ დანიშნავს. პროექტით განისაზღვრა, რომ ზოგადად, უსაფრთხოების რეჟიმები შეეხება მხოლოდ იმ სახელმწიფო, თუ არასახელმწიფო სუბიექტებს, რომელთა თაობაზეც მთავრობა მიიღებს დადგენილებას, რომ ეს სუბიექტები სახელმწიფო უსაფთხოებისათვის მაღალი რისკის საფრთხის მქონე სუბიექტებს წარმოადგენენ. უნდა გაკეთდეს სუბიექტების ზუსტი ჩამონათვალი და მხოლოდ იქ შეიძლება დაადგინოს უსაფრთხოების სამსახურმა უსაფრთხოების რეჟიმი. თავად რეჟიმის განხორციელება და რეჟიმის უზრუნველყოფა იმ სუბიექტის პასუხისმდებლობა იქნება. კონტროლს სახელმწლიფო უსაფრთხოების სამსახური განახორციელებს", – აღნიშნა საკომიტეტო განხილვისას ვახტანგ ხმალაძემ.

თავის მხრივ შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია განმარტავს, რომ ამ მხრივ შემოღებული იქნება განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა.

"პროექტით შემოთავაზებულია ახალი თავი, რომელიც ითვალისწინებს რეგულაციებს, რაც სხვადასხვა სამსახურებში უსაფრთხოების დაცვის ინტერესს ემსახურება. ეს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა სახელშეკრულებო დონეზე იქნება, ანუ ის პრაქყტიკა, როცა სამსახურის ხელმძღვანელი ნიშნავდა ე.წ. უსაფრთხოების თუ უშიშროების ოფიცერს, ამ ინიციატივით უკვე გათვალისწინებული არ არის", - აღნიშნა იზორიამ საკითხი წარდგენისას.