ცეზარ ჩოჩელი რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობას გამორიცხავს

ცეზარ ჩოჩელი რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობას გამორიცხავს

ამ ეტაპზე, არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის დაფინანსებას არ ვაპირებ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა. ბიზნესმენმა კომენტარი გააკეთა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, პარლამენტში ახალი "ლიბერალ-დემოკრატების" ფრაქციის შექმნა იგეგმება და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენლების გვერდით შესაძლოა, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ვიხილოთ.

როგორც ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, არანაირ პოლიტიკურ ინტრიგებში ჩართვას არ აპირებს.

"ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, ისეთი ფინანსური მდგომარება მაქვს, საკუთარ თავსაც ვერ ვეხმარები. აქედან გამომდინარე, არანაირ პოლიტიკურ ინტრიგებში ჩართვას არ ვაპირებ. ძალიან ბევრი საქმე მაქვს. მინდა, რამდენიმე ახალი პროექტის დაწყება, რომელსაც ვერ ვახერხებ. ძალიან კარგი იქნება, თუ დაინტერესდებით, რა პრობლემები არსებობს ბიზნესში, რატომ ვერ ვიწყებთ ახალ პროექტებს", - აღნიშნა ცეზარ ჩოჩელმა.

რაც შეეხება იდეურ თანამოაზრეობას, ბიზნესმენის განმარტებით, მისი იდეური თანამოაზრეები ის ადამიანები არიან, ვინც დაკავებულია წარმოების, ეკონომიკის განვითარებით, ახალი იდეების განხორციელებით, ახალი წარმოების შექმნით.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიგგარეშე სხდომების დასრულებამდე, პარლამენტში შესაძლოა, ახალი ფრაქციის ფორმირება მოხდეს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ეს "ლიბერალ-დემოკრატების" ფრაქცია იქნება, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული ოთხი დეპუტატი და "ნაციონალურ მოძრაობასთან" კიდევ უფრო ადრე გამიჯნული მაჟორიტარები გაერთიანდებიან.

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, ახალი ფრაქციის შექმნაზე მუშაობა დაწყებულია და მის შემადგენლობაში შევლენ: პავლე კუბლაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე, გოგა ხაჩიძე, ასევე კახა ოქრიაშვილი და ენზელ მკოიანი, რომლებიც ამჟამად ფრაქციით - "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები", უმრავლესობაში შედიან. როგორც პარლამენტში ითქვა, მოლაპარაკების პროცესი სხვა ყოფილ "ნაციონალ" მაჟორიატრებთანაც მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, ახალი ფრაქციაში ექვზე მეტი წევრი იყოს. არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო ფრაქციის ფორმატში დაწყებული თანამშრომლობა პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით გაგრძელდება, რაც უკვე საშემოდგომოდ იგეგმება. პარლამენტში ისიც ითქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენლების გვერდით შესაძლოა ვიხილოთ ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი.