პრემიერმა საგანგებო შტაბს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეების ეტაპობრივად ჩანაცვლების გეგმის შემუშავება დაავალა

პრემიერმა საგანგებო შტაბს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეების ეტაპობრივად ჩანაცვლების გეგმის შემუშავება დაავალა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის წევრებს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეების ეტაპობრივად ჩანაცვლების გეგმის შემუშავება დაავალა.

როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე მთავრობის საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, მოხალისეებმა სულ სხვა მუხტი შექმნეს, თუმცა მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელმწიფოს მოვალეობაა.

"მინდა დღეს გავიაროთ მოხალისეებთან დაკავშირებული თემა. ჩვენ ეტაპობრივად უნდა მოვახდინოთ მათი ჩანაცვლება, რადგან რისკები მატულობს და ახალგაზრდებზე ძალიან ვნერვიულობ – სიცხეებია, სამუშაო კი მძიმეა. 5 დღე ძალიან მაგრად იმუშავეს მოხალისეებმა, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადოთ მადლობა, თუმცა იქნებ გავაკეთოთ მათი გამოყვანის და უფრო მსუბუქ ობიექტებზე გადაყვანის გეგმა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის აღნიშნული განცხადების კონტექსტში საგანგებო შტაბის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკვე მოხდა სამუშაოების რისკის ზონებად დაყოფა და მოხალისეები მათი ჯანმრთელობისთვის ნაკლები რისკის შემცველ სამუშაოებში გადანაწილდებიან.

"პროცესში მოხალისეების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ჩვენთვის პატივია მათთან ერთად მუშაობა, თუმცა უკვე მოვახდინეთ სამუშაოების რისკის ზონებად დაყოფა, გავაკეთეთ კლასიფიკაცია და მათ გადავანაწილებთ სხვა სამუშაოებზე. კერძოდ, ისინი ჩართული იქნებიან მათი ჯანმრთელობისთვის ნაკლები რისკის შემცველ სამუშაოებში", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

საგანგებო შტაბის სხდომაზე ისაუბრა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემაც. მისი თქმით, პროცესში ხვალიდან წითელი ჯვარი ჩაერთვება, რომელიც მოხალისეების მობილიზებასა და მათ განაწილებას გაუწევს ორგანიზებას.