ეპიდემიის რისკი ნიაღვარში მოყოლილი ცხოველების გვამებთან არ არის დაკავშირებული , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო შტაბის სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზოოპარკსა და სხვა მიმდებარე ტერიტორიებზე აღმოჩენილი ცხოველების გვამები ამ კუთხით რაიმე საშიშროებას არ ქმნის.
"ინფექციის გავრცელების რისკები დღეის მდგომარეობით დაკავშირებულია ორ ფაქტორთან და არ არის დაკავშირებული ერთ ფაქტორთან. ფაქტორი, რომელთანაც არ არის დაკავშირებული ინფექციები არის ცხოველის გვამები, რომელიც ნიაღვარშია მოყოლილი. ეს დაკავშირებულია სხვა ორ რისკთან. ესენია, პირველი – ნიადაგთან, ტალახთან მუშაობის დროს კანის დაზიანებისას პოტენციურად ტეტანუსის შეჭრა და მეორე – თუკი მილსადენები არის დაზიანებული და მასში გარემოდან ჟონავს წყალი, ანუ წყლისმიერი ინფექცია. ჩვენ კარგი კომუნიკაცია გვაქვს თბილწყალკანალთან და წყლის ხარისხი კარგია, ასე, რომ ინფექციის გავრცელების რისკი არ არსებობს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
რაც შეეხება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ მოხალისეები სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობას ხვალიდან აღარ მიიღებენ, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ისინი სხვა ისეთ სამუშაოებზე გადანაწილდებიან, რომელიც არ არის დაკავშირებული ინფექციების გადაცემასთან. "მაგალითად, მომარაგება გარკვეული პირადი მოხმარების პროდუქტებით, მათ აღწერაში ჩართვა, ასევე სხვა ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელიც არ არის დაკავშირებული ინფექციების გადაცემასთან. ვადასტურებთ მოხალისეებისადმი ჩვენს პატივისცემას და იმას, რომ მათ არა საერთოდ ეკრძალებათ მუშაობა, არამედ გადანაწილდებიან ლოგიკური და რისკების გაზომვის შედეგად მიღებული სქემის მიხედვით", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.