მარნეულში ძლიერმა სეტყვამ, ქარმა და წვიმამ მოსახლეობა დააზარალა

მარნეულში ძლიერმა სეტყვამ, ქარმა და წვიმამ მოსახლეობა დააზარალა

მარნეულის მუნიციპალიტეტში და რამდენიმე სოფელში ძლიერმა სეტყვამ, ქარმა და წვიმამ მოსახლეობა დააზარალა. მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე ორ ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავები ახადა, ასევე დამტვრეულია ხეები.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თემურ ბერიძემ განაცხადა, ძლიერი სეტყვა, ქარი და წვიმა 20 წუთს გაგრძელდა, სტიქიამ მარნეულში საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, მოთხარა ხეები, სოფელ წერეთელში, თამარისში და კიზილაჯლოში დაზიანებული და განადგურებულია ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული და სხვა ტიპის ნათესები.

,,ამდენი წელია მარნეულში ვცხოვრობ და ასეთი გრიგალი და სეტყვა არ მინახავს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ჩვენ ადგილზე ვართ გასული და სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ვსწავლობთ," - განაცხადა მარნეულის გამგებლის მოადგილე თემურ ბერიძემ.

მისივე თქმით, ამ წუთებში რუსთაველის ქუჩაზე ტექნიკა მუშაობს და მოგლეჯილი ხეებისგან იწმინდება. დაგლეჯილია ელექტრო გაყვანილობის სადენები და გარკვეული ქუჩები, მათ შორის ცენტრალური ქუჩა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.