ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლება ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების უკრაინაში დანიშვნასთან დაკავშირებული არ არის

ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლება ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების უკრაინაში დანიშვნასთან დაკავშირებული არ არის

საქართველოში უკრაინის ელჩის ვასილი ციბენკოს თანამდებობიდან გათავისუფლება არ არის დაკავშირებული უკრაინაში ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების დანიშვნასთან.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად ვასილი ციბენკომ განუცხადა.

ციბენკოს თქმით, მისი პოსტიდან გათავისუფლება გეგმიურ როტაციას უკავშირდება. იგი 6 წელზე მეტ ხანს იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას.

"მე 2009 წლის 10 ივნისს დავინიშნე საქართველოში უკრაინის ელჩად. შესაბამისად, გავიდა ექვს წელზე მეტი. ჩვენი კანონმდებლობით არსებობს 4-წლიანი ვადა, თუმცა, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, მე მქონდა პატივი მემუშავა ექვს წელზე მეტ ხანს. რაც შეეხება ჩემს შემცვლელს, ჯერ უცნობია მისი ვინაობა, ამ დროისთვის მიმდინარეობს ამ საკითხზე მსჯელობა", - განაცხადა ვასილი ციბენკომ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

უკრაინის ელჩის, ვასილი ციბენკოს თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.