"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ თხევადი ქლორის კონტეინერებს სპეციალური ტრანსპორტით გადაიტანენ

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ თხევადი ქლორის კონტეინერებს, გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები სპეციალური ტრანსპორტით გადაიტანენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროში კონტეინერებთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სპეციალისტები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.InterPressNews.Ge

"აღმოჩენილი ქლორის კონტეინერებიდან ქიმიური ნივთიერების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს. მთავარ რისკად რჩება კონტეინერების ტრანსპორტირება, სწორედ ამიტომ სამინისტროს მხრიდან მზადდება შესაბამისი სტანდარტული პროცედურები. პროცედურების დასრულებისთანავე, მოძრაობის ნაკლები ინტენსივობის ეტაპზე მოხდება ადგილიდან კონტეინერების სპეციალური ტრანსპორტით უსაფრთხოდ გატანა. კიდევ ერთხელ გვსურს განვაცხადოთ, რომ ამ ეტაპზე ქლორის გაჟონვის საფრთხე არ არსებობს, შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ტერიტორიის 24 საათიან მონიტორინგს", - აცხადებენ სამინისტროში.