საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შემდეგი ოთხი დღის განმავლობაში არამდგრადი, წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დღეს და შემდგომი სამი დღის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონებში დღისა და ღამის საათებში პერიოდულად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და შესაძლებელია იყოს სეტყვა.
დოდო გვაზავას ინფორმაციით, სეტყვა მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში.
დასავლეთ საქართველოში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 25-30 გრადუსი იქნება, მაღალმთაში 25 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 31-36 გრადუსი. ამასთან, შემდეგი სამი დღის განმავლობაში მაღალმთაში ჰაერის საშუალო ტემპერატურა შემცირდება და 22 გრადუსი იქნება.