ფოთელები მდინარე რიონზე არსებული ხიდის შესაძლო დანგრევაზე საუბრობენ

ფოთელები მდინარე რიონზე არსებული ხიდის შესაძლო დანგრევაზე საუბრობენ

ფოთის აღმოსავლეთით მდებარე ჰიდროკვანძის რეაბილიტაციის მოთხოვნით პეტიციაზე ინტერნეტ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

სტუდენტების ამ წამოწყებას გააქტიურება მოჰყვა საზოგადოების ფართო წრეებშიც. რიგითი მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის პირველი შეხვედრა დღეს მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა.

თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ ფოთელები მდინარე რიონზე არსებული ხიდის შესაძლო დანგრევაზე საუბრობენ და შიშობენ, რომ თუ საქართველოს მთავრობის მხრიდან დროული რეაგირება არ მოხდა, ტრაგედია ფოთშიც დატრიალდება.

ჰიდროკვანძი, რომელიც ხიდის ფუნქციასაც ასრულებს, 50 წლის წინ აშენდა. სპეციალისტები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ, ნაპირდამცავ ნაგებობათა სამმართველოს ყოფილი უფროსის, ვახტანგ ლოლუას ინფორმაციით, ბოლოს კვლევა ჰიდროკვანძს 2009-2010 წლებში ჩაუტარდა. მისივე ცნობით, დადებული დასკვნის საფუძველზე საგანგაშო არაფერი იყო, თუმცა მას მერე 5 წელი გავიდა და ხიდზე არანაირი გამოკვლევა არ ჩატარებულა.

ვახტანგ ლოლუას თქმით, თუ სამუშაოები დროულად არ დაიწყო, შესაძლოა ფოთისა და მისი მიმდებარე სოფლების დატბორვა მოხდეს. ფოთის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა მათ დაწყებული აქვთ.