გიორგი მარგველაშვილი დევიდ კემერონს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი დევიდ კემერონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დევიდ კემერონმა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და ქართველ ხალხს სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადა.

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა დევიდ კემერონს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა დიდი ბრიტანეთის მკაფიო განცხადებები და პოზიცია, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ "ხელშეკრულებების" დაუშვებლობის შესახებ. თავის მხრივ, დევიდ კემერონმა ქართულ მხარეს ევროინტეგრაციისა და უელსის ნატო-ს სამიტის არსებითი პაკეტის ელემენტების იმპლემენტაციის პროცესში დახმარება აღუთქვა. მხარეებმა რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ნატო-სა და ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში, რაც ხელს უწყობს ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას.