სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის საქალაქო სასამართლომ ე. წ "კაბელების საქმეზე" ბრალდებულები პირადი თავდებობის საფუძველზე სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. ბრალდებულებს გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, დავით წიფურიას, გიზო ღლონტსა და ნუგზარ კაიშაურს საქართველოს პარლამენტის ხუთი წევრი: ნინო გოგუაძე, ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, შალვა შავგულიძე და ირაკლი ჩიქოვანი პირად თავდებად დაუდგა. შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობის, გირაოთი - თითოეულისათვის 10-10 ათასი ლარის ოდენობით შეცვლის თაობაზე. დღევანდელ სხდომაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლებიც ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან სასამართლოს შეხედულებისამებრ, პირადი თავდებობის გამოყენებას ითხოვდნენ.

სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკით და მიიჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აღარ არსებობდა რელევანტური საფუძვლები ბრალდებულთა განგრძობად პატიმრობაში დატოვებისათვის. აღკვეთის ღონისძიების მიზნებისა და ბრალდებულთა სათანადო ქცევის უზრუნველყოფა შესაძლებელია პირადი თავდებობის გამოყენებით.

მომდევნო სხდომა 2015 წლის 26 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება", - აღნიშნულია განცხადებაში.