ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო სხდომა 26 ივნისს განახლდება

ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო სხდომა 26 ივნისს განახლდება

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავენ , - ამის შესახებ დღეს ამ საქმეზე ბრალდებულების პირადი თავდებობით გათავისუფლების შემდეგ ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ საჩივარში ჩადო ისეთი მტკიცებულება, რომლის დასაშვებობაზე საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია, ხოლო აღნიშნული მტკიცებულება სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად სცნო.

"უახლოეს მომავალში მივმართავ იუსტიციის საბჭოს სააპლელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ არარსებული ფაქტები ჩაწერა, გამოიგონა განჩინებაში და გააუქმა საქალაქო სასამართლოს განჩინება. ჩვენ მივმართავთ ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

რაც შეეხება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას        ბრალდებულების პირადი თავდებობის გათავისუფლების შესახებ, საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ადვოკატმა სამართლიანად შეაფასა.

"გადაწყვეტილებით რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ, თითქმის რვათვიანი ტყვეობა დასრულდა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების და საქმეზე გამამართლებელ განაჩენს ველოდებით", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა პროკურორიც.

როგორც საქმის პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა აღნიშნა, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ბრალდების მხარის შუამდგომლობაში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებზე და ყველა ის მტკიცებულება, რომლის დასაშვებად ცნობასაც პროკურატურა მოითხოვდა, დაკმაყოფილდა. კერძოდ, პროკურორის თქმით, საუბარია ექსპერტის დაკითხვაზე, რომელსაც ბრალდების მხარე ასევე სააპელაციო სასამართლოში ითხოვდა და ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ჯუღელი დაინტერესდა და პროკურორს ჰკითხა იყო თუ არა გამოკვლეული წინა ხდომაზე ის დაკითვის ოქმი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. მოსამართლემ მიუთითა, რომ ეს ექსპერტის დაკითხვის ოქმი, რომელიც სააპელაციოში გასაჩივრდა, მას ნანახი არ ჰქონდა.

რაც შეეხება სამომავლოდ სხდომის გაგრძელებას, დღეს დაცვის მხარემ ასევე მოითხოვა ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებლივი დევნის შეწყვეტა, რაზეც პროკურატურამ პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გარკვეული დრო ითხოვა.

ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო სდომა 26 ივნისს 11:00 საათზე განახლდება.