"კაბელების საქმეზე" ბრალდებულებმა სასამართლოს დარბაზი დატოვეს

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებმა სასამართლოს დარბაზი უკვე დატოვეს. გათავისუფლებულებმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთეს და განაცხადეს, რომ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ნუგზარ კაიშაურს, გიზო ღლონტს, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძეს და არჩილ ალავიძეს,  "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გათავისუფლება პირადად მიულოცა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები გირაოს გარეშე, დეპუტატების ნინო გოგუაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის, შალვა შავგულიძის პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.

პროკურატურა კი, აღკევთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა. ბრალდების მხარემ შესაბამისი შუამდგომლობის, პატიმრობის შეცვლის დაყენება მით ახსნა, რომ 2015 წლის 28 ივლისს საქმეზე იწურება ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა, ხოლო საქმეზე ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის წინასასამართლო განხილვები; ასევე, დასრულებულია მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპი, შესაბამისად, ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე გავლენის მოხდენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები შემცირებულია.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ტაშით შეხვდნენ.

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირები - ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე გასული წლის ოქტომბერში დააკავეს.