საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია - დაღუპულია 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, დღეს დილიდან განახლდა სამუშაოები "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე და თავად აუზზე. 8 ერთეული სპეცტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა, რაც სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დასრულდება. ამის შემდეგ დაიწყება სამძებრო სამუშაოები. დღეს დილით აუზის ტერიტორიიდან 3 ავტომანქანა გამოიტანეს.
მისივე თქმით, სამუშაოები დილიდან განახლდა ზოოპარკის ტერიტორიაზეც, სადაც ბულდოზერების მეშვეობით ხორციელდება ტერიტორიის შლამისგან გაწმენდა. ჯერჯერობით მიუდგომელი რჩება მტაცებელი ცხოველების რამდენიმე ვოლიერი, რომლებიც შლამითა და წყლით არის დაფარული. დღეს განხორციელდება სამუშაოები დატბორილი ვოლიერების გაწმენდის მიზნით.
როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, ბაგებში კოლექტორის თავზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. დილიდან დაიწყო საინჟინრო სამუშაოები. ამ მომენტისთვის მზადდება სპეციალური მოედანი, საიდანაც შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით მოხდება კოლექტორზე ბეტონის დასხმა.
ვაკის სასაფლაოს ტერიტორიაზე ნაშალი მასალის დიდი ნაწილი მოსწორებულია. საფლავები გასუფთავებულია შლამისგან. დილიდან დაიწყო მოწყობა-აღდგენითი სამუშაოები.
წყნეთის ქუჩაზე მდინარე ვერეს კალაპოტში მოწყობილ დამბაზე განხორციელდა შესაბამისი სამუშაოების ბეტონის დამცავი კედლის აღმართვის მიზნით. დაწყებულია პროექტის მომზადება. დღეს დაგეგმილია მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება მდ.ვერეს ამ მონაკვეთზე არსებული გვირაბების ჩამონგრეული ნაწილის აღსადგენად.
განხორციელდა "მზიურის" ტერიტორიაზე სპეციალური განათების სისტემების დამონტაჟება რამაც, მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოების წარმოების საშუალება მოგვცა. ღამის განმავლობაში აღმოჩენილი ძაღლების ლეში ტერიტორიიდან გატანილია სპეციალისტების მიერ. გაწმენდით-სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 477 მეხანძრე-მაშველი, დაცვის პოლიციის 100 თანამშრომელი და შესაბამისი ტექნიკა.
სვანიძის ქუჩაზე ღამის 4 საათამდე იმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკამ. შედეგად, შესაძლებელი გახდა ძაღლების თავშესაფართან მდინარე ვერეს ძველ კალაპოტში დაბრუნება და თავშესაფართან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციონირების აღდგენა. აღნიშნული ცხოველების დარჩენილი ლეშის გატანის შესაძლებლობას იძლევა. დილიდან დაიწყეს მუშაობა მაშველებმაც, რომლებიც აპირებენ მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლას და შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით დარჩენილი 5 დათვის ლეშის გამოტანას. დაახლოებით ღამის 4 საათისთვის დასრულდა ვაკის ხორცპროდუქტების ქარხნიდან გაფუჭებული საკვები პროდუქტის სრულად გატანა.
ღიბრაძის განცხადებით, 19 ივნისის ღამის განმავლობაში 112-ში შევიდა 47 შეტყობინება ამ თუ იმ ადგილზე ცხოველთა დაფიქსირების შესახებ. ყველა მათგანზე მოხდა სათანადო რეაგირება. არცერთი მათგანი არ დადასტურდა.
ზოოპარკიდან დაკარგული მტაცებელი ცხოველების სამძებრო სამუშაოებში წუხელვე ჩაერთო პროფესიონალი მონადირეებისაგან შექმნილი ჯგუფი. მათ მერიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ღამის განმავლობაში, შეამოწმეს კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რამოდენიმე მოქალაქის განცხადებით იმყოფებოდა დაკარგული ვეფხვი. ჯერჯერობით მტაცებელი ცხოველის კვალი აღმოჩენილი არ არის. საძიებო სამუშაოები ამ მიზნით გრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა რათა თავიდან იქნას არიდებული ინფექციის შესაძლო გავრცელების საფრთხე, რომელიც გამოწვეულია ნიადაგთან მუშაობის დროს. მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების დაცვა: კერძოდ, მაშველებმა და მოხალისეებმა აუცილებლად გაითვალისწინონ კოორდინატორების რეკომენდაციები ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებისას. რაც შეეხება პირად უსაფრთხოებას, მნიშვნელოვანია ტანსაცმელი მაქსიმალურად ფარავდეს სხეულს, რათა მინუმუნამდე დავიდეს კანის დაზიანება-დაბინძურება. უნდა იმუშავონ ხელთათმანებით და ეკეთოთ პირბადე. თუ კანის დაზიანება მოხდა უნდა მიმართონ ექიმს, რომელიც ჩაუტარებს საჭირო ღონისძიებებს. აღნიშნული ინფორმაცია, რეკომენდაციები, ხელმისაწვდომია, როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტეროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდებზე. მოსახლეობას ასევე, შეუძლია მიიღოს ინფორმაცია თუ რომელ კლინიკებში შეუძლიათ უფასო ვაქცინაციის ჩატარება.