ოპტიმალური იქნება, თუკი კომერციული ბანკები დაზარალებულებთან ინდივიდუალური მიდგომით იხელმძღვანელებენ

ოპტიმალური იქნება, თუკი კომერციული ბანკები დაზარალებულებთან ინდივიდუალური მიდგომით იხელმძღვანელებენ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის აზრით, ოპტიმალური იქნება, თუკი სტიქიით დაზარალებულებთან მიმართებაში კომერციული ბანკები ინდივიდუალური მიდგომით იხელმძღვანელებენ.

როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სიების დაზუსტება საბოლოო ფაზაშია და დაზარალებულთა დახმარების საკითხზე განცხადებას რამდენიმე დღეში თავად ბანკები გააკეთებენ.

"არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაზე ოპტიმალური იქნება ინდივიდუალური მიდგომა განხორციელდეს. იქ სადაც გადახდისუნარიანობა პრაქტიკულად ნულოვანია, განხორციელდეს სესხების და განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხების ჩამოწერა. რიგ შემთხვევაში მოხდეს მნიშვნელოვანი შეღავათის მიცემა – გადავადების და რესტრუქტურიზაციის სახით. რა თქმა უნდა, არც ჯარიმაზე და არც პროცენტზე საუბარი არ უნდა იყოს, თუმცა კონკრეტულად რა ტიპის დახმარება მოხდება საბოლოოდ, ამის თაობაზე თავად ბანკები რამდენიმე დღეში გააკეთებენ განცხადებას", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში ბანკების სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

"ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესში და თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას – სიების დაზუსტებას. თუ საჭირო გახდა, შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად იქონიებს მომხდარი სტიქია უარყოფით გავლენას ლარის კურსზე, გიორგი ქადაგიძის თქმით, საუბარი არ არის ზარალის იმ ოდენობაზე, რომ ეროვნულ ვალუტაზე მნიშვნელოვან გავლენას ჰქონდეს ადგილი.