ირაკლი ღარიბაშვილმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის შეხვედრაზე თბილისში მომხდარ სტიქიაზე ისაუბრა

ირაკლი ღარიბაშვილმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის შეხვედრაზე თბილისში მომხდარ სტიქიაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე დედაქალაქში მომხდარ სტიქიაზე ისაუბრა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თბილისში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას, - არის მსხვერპლი, რაც უდიდესი ტრაგედია და აუნაზღურებელი დანაკლისია.

"ქვეყნის დედაქალაქის ინფრასტრუქტურას მიადგა დიდი მატერიალური ზარალი: დანგრეულია გზები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სტიქიის დღიდანვე ვგრძნობთ ჩვენი მეგობრების მორალურ თანადგომასა და მატერიალური დახმარების დიდ სურვილს, რაც კიდევ უფრო გვამხნევებს და ძალას გვმატებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამოხატა და მხარში ამოგვიდგა ამ ტრაგიკული მოვლენების დროს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გათვალისწინებული იყო კულტურული ღონისძიებების გამართვა, თუმცა მომხდარი სტიქიური უბედურების გამო ის აღარ გაიმართება.

მთავრობის მეთაურმა ბანკის ყველა პარტნიორს წარმატება უსურვა და შემდგომი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.